ეკლესიის მშენებარე გალავანი და მის ეზოდან ხევში გადაყრილი ადამიანის ძვლები. ვინ ასრულებს და ვინ აკონტროლებს სამუშაოებს აწყვიტაში, საერო და სასულიერო პირების ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები;
ასპინძაში, სოფელ აწყვიტაში, მე-12 საუკუნის მაცხოვრის სახელობის ტაძრის ეზოს, გარშემო თხრილი აკრავს. მისი გათხრა დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყეს. აქ ისტორიულ ეკლესიას 100 კვადრატულ მეტრზე გალავანს უკეთებენ. მას შემდეგ, რაც აქ მშენებლობა დაიწყო, სოფელ აწყვიტას მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ სოფელში, ხევში ადამიანის ძვლები გაჩნდა.
„გასვენებაში მივდიოდით ქალები და დავინახეთ, რომ ხევში ძვლები ეყარა", - ამბობს აწყვიტაში მცხოვრები მადონა ივანიძე.
მას თან მეზობელი ლალი ივანიძეც ახლდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძვლები ბევრმა დაინახა, ამის ხმამაღლა თქმა ვერავინ გაბედა: „ხმას არავინ იღებდა, ყველა ჩუმად ილანძღებოდა".
ხევში გადაყრილი ძვლები ამავე სოფელში მცხოვრებმა ბესიკ ივანიძემაც ნახა: „მანქანაზე შეყარეს და ხევში ხიდთან დაყარეს. ასე მოქცევა როგორ შეიძლებოდა, გალავანი თუ უნდოდათ, პატარა გაეკეთებინათ, საფლავებს რატომ ანგრევდნენ?!"
რისი გაკეთების საჭიროებაც არ უნდა ყოფილიყო, წინაპრების საფლავების გადათხრა და შემდეგ მათი ღელეში გადაყრა რომ დაუშვებელი იყო, ამაზე ასევე აწყვიტის მკვიდრი ელიკო ივანიძეც საუბრობს: „ეკლესიის ეზოში ყოველთვის ქრისტიანი ხალხი იმარხებოდა. მათი, ანუ ჩვენი წინაპრების ძვლები ხრამში გადაყარეს".
დღეს, 15 მაისს, ეკლესიის ეზოში მშენებლობა შეჩერებული დაგვხდა. როგორც აწყვიტაში მცხოვრებმა, მშენებლობაზე დასაქმებულმა ერთ-ერთმა მუშამ, გენადი მელიქიძემ აგვიხსნა, დღეს სამუშაოდ არავინ გამოჩენილა.
მისი თქმით, ეკლესიის გალავნისთვის საძირკვლის გათხრისას, განსაკუთრებით ტაძრის მარჯვენა მხარეს, ძალიან ბევრი ადამიანის ძვალი აღმოჩნდა. ამის გამო მუშაობა შეაჩერეს კიდეც: „ცოდვას ჩავდივართ, ადამიანის ძვლებს ვთხრითო. მერე ეს ძვლები ერთად შევაგროვეთ.
მანქანაზე მიწას რომ ვტვირთავდით, ორი ზემოთ არჩევდა და ტომრებში ყრიდა და ორი ქვემოთ".
გენადი მელიქიძე უარყოფს, რომ ძვლები ხევში გადაყარეს, თუმცა თავადვე გვიყვება, რომ მას შემდეგ, რაც თანასოფლელებმა ამის გამო უსაყვედურეს, ტომრებით მათ ეკლესიაში დასაბრუნებლად თავადვე წავიდა: „ალბათ, რომ გადავყარეთ, მერე წვიმამ გადარეცხა და გამოჩნდა, ჩავედი, ავკრიფე, რაც იყო და ამოვიტანე".
ვინ აკეთებს გალავანს ტაძრის ეზოში?
სოფელში არც გალავნის მშენებლობაზე დასაქმებულმა და არც ადგილობრივებმა არ იციან, გალავანს ვინ აკეთებს. ამაში გარკვეული არც აწყვიტაში გამგებლის წარმომადგენელი თამაზ ივანიძეა: „თანხა არ ვიცი, მამაოები რომ აკეთებენ, ეგ ვიცი".
მამა აკაკი რევიშვილი, რომელიც ამავე ტაძარში საღვთო ლიტურგიას ასრულებს, „სამხრეთის კარიბჭესთან" სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ აქ „სამუშაოებს გამგეობა აკეთებს ტენდერით".
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი კი აცხადებს, რომ სოფელ აწყვიტაში სამუშაოები ტენდერით არ სრულდება. მისი თქმით, აქ სამშენებლო სამუშაოებს ეკლესია ასრულებს, თუმცა, თანხა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გადაერიცხათ.
„ასპინძის გამგეობა წლებია, ყოველ წელს, ავანსად, რელიგიის მუხლით, 50 ათას ლარს გამოყოფს, შემდეგ ეპარქია თვითონ განსაზღვრავს, ამ თანხით რა უნდა გააკეთოს. ჩვენ ვაძლევთ ნებართვას და ამ ფულს ვრიცხავთ იმისთვის, რომ კულტურული ძეგლები მოწესრიგდეს", - ამბობს პაპაშვილი.
მისივე თქმით, რადგან ეკლესია ასრულებს სამუშაოებს, ტენდერი ვერ გამოცხადდება: „მუშებს თავად ქირაობენ და სამუშაოებს ასრულებენ. ეკლესია არ იბეგრება, ასე ჩვენც ამ პროექტების შესრულება შედარებით იაფი გვიჯდება, რადგან თუ ტენდერს გამოვაცხადებთ, შესაძლოა შედარებთ ნაკლებ თანხში მოიგოს ვიღაცამ, მაგრამ დღგ-ს, ზედნადების ხარჯებით დავიბეგრებით და საერთო ჯამში მეტის გადახდა მოგვიხდება".
აწყვიტის გალავნისთვის დაახლოებით 16 700 ლარი იხარჯება. მიმდინარე წელს გამგეობიდან გამოყოფილი 50 ათასი ლარით სამი კულტურული ძეგლი წესრიგდება: „სამუშაოებზე ზედამხედველობას ჩვენ ვახორციელებთ. ბოლოს მიღება-ჩაბარების აქტი დგება და შესრულებულ სამუშაოს ვიბარებთ. მას შემდეგ, რაც ძვლების გამო პრობლემა წარმოიქმნა, ჩვენი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი თემურ დევნოსაძე დღე და ღამე მეთვალყურეობს".
მიუხედავად პაპაშვილის განცხადებისა, საპირისპირო განაცხადა თავად თემურ დევნოსაძემ: „მე ვიცი, რომ მანდ ზედამხედველობას არ ვახორციელებთ. სამუშაოებს, როგორც ვიცი, საპატრიარქოს დაფინანსებით აკეთებენ. ჩვენ მხოლოდ ზომების აღება გვთხოვა მეუფემ, „რულეტკით" ავზომეთ და მონაცემები გადავეცით".
გარდა გალავნისა, ტაძრის ეზოში ახალი სასაფლაოს აზომვაც დასჭირდებათ. აქ მამა აკაკის თქმით, სასაფლაო გაკეთდება და ძვლებს დამარხავენ. სასულიერო პირი აცხადებს, რომ აქ თუ სასაფლაო იყო, მანამდე არაფერი იცოდა.
გამგეობაში ამბობენ, რომ ტაძრის გარშემო სოფლის სასაფლაო არ იყო: „ზემოდან ამის მანიშნებელი არასდროს არაფერი ყოფილა".
ადგილობრივი უხუცესები კი ირწმუნებიან, რომ საფლავები ფიქალის ქვებით იყო მოწყობილი.
85 წლის ლენა მელიქიძე გვიყვება, რომ მისი მამა, რომელიც 95 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაცხოვრის სახელობის ტაძარში დიაკვანი იყო: „აღდგომას ლიტანიობისას ეკლესიას გარშემო რომ ვუვლიდით, მამა გვეუბნებოდა ხოლმე, აქ წინაპრებია დასაფლავებული და ფიქალის ქვებს ფეხს ნუ დაადგამთო".
ათობით საფლავის ქვა ტაძრის ეზოში ჯერ კიდევ ახსოვს 93 წლის მარიამ ხიზაძესაც: „ირჩეოდა, რომ სასაფლაო იყო. აქ გარდაცვლილები ვინ იყვნენ, სოფელში ზუსტად არავინ იცის".
სოფელს აქ მხოლოდ დასაფლავებული დედისა და შვილების შესახებ ისტორია შემორჩა.
„ეკლესიის ერთ-ერთი მსახურის ცოლი ტყუპზე მშობიარობას გადაყოლია, ამ ეზოში დედა შვილებთან ერთად იყო დამარხული", - გვიყვება ელიკო ივანიძე და ამატებს, რომ ძვლების ხევში გადაყრას ვერაფრით ამართლებს.
მამა აკაკი კი ირწმუნება, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა: „ჩვენ ის ხალხი არ ვართ, რომ წინაპრებს პატივი არ ვცეთ".