ავტორი სალომე უერთაშვილი
პანტომიმის სახელმწიფო თეატრში 15 მაისს „GAUდასმა" ხატია სულაბერიძისა და ვახო ძიგავას რეჟისორობით სპექტაკლ „ბალაგანის" პრემიერა გამართა. პიესის ავტორია ლევან ბუდაღაშვილი.
„ბალაგანი" ერთმანეთისგან განსხვავებულ პიროვნებებზე მოგვითხრობს, რომლებიც ისეთები უნდა მივიღოთ, როგორებიც სინამდვილეში არიან.
როგორც პიესის ავტორმა ლევან ბუდაღაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, თემის მოძებნა რთული არ იყო, რადგან იმ საზოგადოებაში, სადაც ჩვენ ვარსებობთ, ადვილია აქტუალური თემის მოძებნა და მისი გაშლა.
„იმ სოციუმში, სადაც ჩვენ ვტრიალებთ, ძალიან ადვილია, მიაგნო და აიღო ის თემები, რაც აქტუალური უნდა იყოს, აქედან გამომდინარე, დაიბადა იდეა იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს გარშემო ცხოვრობენ და არსებობენ. მე, უბრალოდ, შევეცადე, ერთი კონკრეტული მომენტი შემექნა, სადაც ეს ადამაინები თავს მოიყრიდნენ", - ამბობს ბუდაღაშვილი.
რეჟისორების, ხატია სულაბერიძისა და ვახო ძიგავას თქმით, პრემიერა შედგა და მაყურებლამდე მივიდა ის, რაც სპექტაკლში იყო ჩადებული.
„ეს არის ლევან ბუდაღაშვილის პიესა, რომელიც სპეციალურად ამ დასისთვის დაიწერა. ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ეს სპექტაკლი არსად დადგმულა და სტუდენტებიც პირველად იდგნენ სცენაზე. მგონი, პრემიერა შედგა და მაყურებლამდე მივიტანეთ ის სათქმელი, რაც იყო სპექტაკლში ჩადებული", - ამბობს სულაბერიძე.
„ჩვენმა მეგობარმა და უახლოესმა ადამიანმა, თათია მამაცაშვილმა დაგვიძახა. მან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა თეატრალური დასი და მიგვიწვია სპექტაკლის დასადგმელად. სტუდენტებისთვის ეს იყო დებიუტი, ძალიან დიდი ემოციები წამოვიდა, იყო აღფრთოვანებაც. სპექტაკლზე მუშაობის პროცესი თითქმის 2 თვე გაგრძელდა", - აცხადებს ვახო ძიგავა.
როგორც „GAUდასის" დამაარსებელი თათია მამაცაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მისი უმთავრესი სურვილი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში თეატრალური დასის ჩამოყალიბება იყო.
„ძალიან გვიხარია, რომ სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა. ეს იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დასის პირველი პრემიერა. ძალიან მინდოდა, უნივერსიტეტს თეატრალური დასი ჰქონოდა, ამიტომ ყველანაირ ღონეს მივმართე.
ჩემი პერსონაჟი არის გოგონა, რომელსაც საერთოდ არაფერი აინტერესებს და ყველას ცინიკურად უყურებს", - აღნიშნა თათია მამაცაშვილმა.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტთა თქმით, სპექტაკლზე მუშაობა დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სპექტაკლმა კარგად ჩაიარა.
„ზოგადად GAU-ს ყველა აქტივობაში ვარ ჩართული, თუმცა, ყოველთვის მინდოდამ მსახიობი ვყოფილიყავი, ამიტომ გავიარე ქასთინგზე და ამარჩიეს ერთ-ერთ მსახიობად. რაც შეეხება პიესაზე მუშაობის პროცესს, დაახლოებით 2 თვეამ ინტენსიურად ვმუშაობთ", - აცხადებს ანანო ციცვაძე.
„ამ ატმოსფეროს, რაც ამ ორი თვის განმავლობაში შეიქმნა, მართლა არ ველოდი. ისე შემიყვარდა სპექტაკლზე მომუშავე თითოეული ადამიანი, რომ ეს სიყვარული და ის ტაში, რომელიც ბოლოს დავიმსახურეთ და რომელსაც მართლა არ ველოდით, ღირდა ყველაფრად.
სპექტაკლით გვინდოდა გვეთქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს თავისი უარყოფითი მხარეები აქვს. ის სარკეები კი, რომელიც ბოლოს ფონად იყო, ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ ადამიანები ფაქტობრივად ორი სახის მატარებლები არიან. მოკლედ, გვინდოდა ხაზი გაგვესვა, რომ ცხოვრება ერთი დიდი ბალაგანია", - აღნიშნა ანა ჩიხლაძემ.
„ორი თვე ვამუშავებდით სპექტაკლს. ისე მოხდა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში აღმოვჩნდით და რაღაცები ბოლო ორ დღეში შევცვალეთ. ალბათ, ასეთი კარგი სპექტაკლი იმიტომ გამოვიდა, რომ ჩემს გარშემო ნიჭიერი ახალგაზრდები მუშაობდნენ", - ამბობს ლუკა ლომსაძე.
„სპექტაკლის მთავარი აზრი ის არის, რომ ადამიანები უნდა დაფიქრდნენ, სანამ ვინმეს დასცინებენ, არავინ იცის, ამ ყველაფერს რა შედეგი მოჰყვება. რეპეტიციები საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა, ფაქტობრივად ყველაფერი გადავდეთ და მთელი დრო თეატრს დავუთმეთ", - განაცხადა ზურა მერებაშვილმა.
„ძალიან შრომატევადი იყო, მინდა, ჩვენს რეჟისორებს, ვახო ძიგავასა და ხატია სულაბერიძეს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მთელი სული და გული ჩადეს. პრემიერამდე ერთი წუთით ადრეც კი დიდი მოტივაციას გვაძლევდნენ, გვამხნევებდნენ და ბოლომდე ჩვენს გევრდით იყვნენ", - აღნიშნა ტატო მუთიაშვილმა.