logo_geo
eng_logo
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება
- +

16 მაისი. 2017. 20:53



დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ/საჯარო შენობებში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის, რომელიც ბიუროს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს წარუდგინა.


ცვლილებებით, ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში, სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით.


ამასთან, პროექტით, აღნიშნული სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდგომ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.


ამას გარდა, ცვლილებები ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს დღის (07.00-23.00 საათამდე) და ღამის საათებში (23.00-07.00 საათამდე) ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის.


ინიციატივით, 2018 წლის 1-ელ აპრილამდე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები. კერძოდ, საპატრულო პოლიცია, რომელიც განხორციელებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ხმაურმზომი ხელსაწყოებით უზრუნველყოფს პირის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. ცვლილებების გათვალისწინებით, 2018 წლის 1-ლი აპრილიდან ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner