logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: მოუთმენლად ველი ერთობლივ მუშაობას პრეზიდენტ ერდოღანთან
- +

17 მაისი. 2017. 11:09



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქ კოლეგას რეჯეფ ტაიპ ერდოღანს გუშინ, თეთრ სახლში შეხვდა.


დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თურქი ხალხი ბოლო წლების განმავლობაში საშინელ ტერორისტულ აქტებს დაუპირისპირდა.


„სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ოჯახის წევრებს და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქ ხალხს. აშშ მხარს უჭერს თურქეთის ბრძოლას ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ, როგორიც არის „ქურთისტანის მუშათა პარტია" (PKK) და „ისლამური სახელმწიფო". მოუთმენლად ველი ერთობლივ მუშაობას პრეზიდენტ ერდოღანთან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასადგურების კუთხით", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით, თურქეთის ძალისხმევა დონალდ ტრამპმა უმნიშვნელოვანესად შეაფასა.


„ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ თურქეთი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სირიაში სისხლისღვრის აღკვეთის კუთხით. სირიაში მიმდინარე ომი შოკისმომგვრელია მთელი მსოფლიოსთვის. აშშ მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რაც ხელს შეუწყობს სიტუაციის დეესკალაციას და კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას", - განაცხადა ტრამპმა. 


თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობების საძირკველში დემოკრატიული ღირებულებები დევს.


„ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების განმტკიცება ხელს შეუწყობს მსოფლიოში მშვიდობის დასადგურებას. რეგიონისთვის ამ რთულ პერიოდში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ დიალოგისა და სოლიდარობის გაღრმავებას ვაპირებთ. ამიტომაც მჯერა, რომ ჩემი ვიზიტი ვაშინგტონში ისტორიულად გარდამტეხი მომენტი გახდება და ახალი მიღწევებისთვის გზას გახსნის", - განაცხადა ერდოღანმა.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner