საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ „ჩვენ გვინდა მშვიდობა კავკასიაში, ჩვენს ქვეყანაში, უშუალო სამეზობლოში და გვინდა ხელი შევუწყოთ ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას".
„მინდა, თქვენი სახელით შეშფოთება გამოვთქვა იმაზე, რაც ჩვენს უშუალო სამეზობლოში ხდება. სამწუხაროდ, იცით, რომ არის მსხვერპლი. ჩვენ ვართ შეშფოთებული, რადგან შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს საქართველოსთვის ორ მოძმე ერს შორის. ჩვენი პოზიცია იყო და არის ურყევი - ჩვენ გვინდა მშვიდობა კავკასიაში, ჩვენს ქვეყანაში, უშუალო სამეზობლოში და გვინდა, ხელი შევუწყოთ ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. ამიტომ მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობას ამ პროცესში. გვაქვს ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელი, სომეხი ხალხის ლიდერების კეთილგონიერების იმედი", - განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ მოძმე ერების ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რაც შეაჩერებს ესკალაციას და არ გამოიყვანს ვითარებას კონტროლიდან.
„იცით, რომ საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, შესაბამისი უწყებები, ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართული შესაბამის პროცესებში, არიან კონტაქტში შესაბამის თანამდებობის პირებთან. ეს არის აუცილებელი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენს სამეზობლოში მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამ საკითხზე ყველა ერთ პოზიციაზე ვართ და ასე იქნება მომავალშიც", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.