ავტორი სალომე უერთაშვილი
პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის შინაგან საქმეთა უწყებების ერთობლივი საინფორმაციო საკოორდინაციო ცენტრის გახსნის შესახებ ისაუბრა, რომელზე შეთანხმებასაც ხელი ხვალ, სოჭში მოეწერება.
როგორ საყვარელიძე აღნიშნავს, რუსეთი ამ ნაბიჯს მხოლოდ ტერიტორიების ასიმილაციისთვის დგამს.
„პროვოკაცია გულისხმობს, რომ აქტივობა, რომელიც ხორციელდება, მიმართულია იმისკენ, რომ ვიღაც წამოაგო, ანუ თევზმა ჭიაყელას ჩაავლოს ხელი. მაგალითად, პროვოკაციული მიზანი ჰქონდა ლუჟკოვის ვიზიტს. ასევე, არის მოვლენები, რომლის მიზანი პროვოკაცია კი არა, საკუთარი ინტერესებია. აი, ის ბოლო ნაბიჯები კი, რომელსაც რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ დგამს, ამ ტერიტორიების ასიმილაციაა. მათთვის სახელები და დამოუკიდებელი რესპუბლიკობა ფორმალობაა, რუსეთს სურს ძალოვანი სტრუქტურების გაკონტროლება. თუ ვინმემ შეიძლება ამაზე ხმა ამოიღოს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ვართ, შესაძლებელია, პროტესტი გამოვთქვათ, თუმცა, წესით, ამ პროცესს აქტიურად უნდა ეწინააღმდეგებოდნენ აფხაზები, რადგან ეს არის მათი განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯი", - ამბობს საყვარელიძე.
კითხვაზე, არის თუ არა ეს ქმედება რუსეთის პასუხი კვირიკაშვილისა და ტრამპის შეხვედრაზე, საყვარელიძე ამბობს, რომ რუსეთს არ სჩვევია მსგავსი მცირე ნაბიჯების გადმოდგმა, თუმცა, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ესაა პასუხი გარკვეული თვალსაზრისით.
„სიმართლე გითხრათ, რუსეთს უყვარს ცხენის სვლის გაკეთება, რომელსაც რამოდენიმე სამიზნე აქვს. სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით დასავლეთისკენ, ბოლო რგოლი იყო ტრამპი, თუმცა, ტრამპი იმდენად არა, რამდენადაც გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. ამის ფონზე, მეჩვენება, რომ რუსეთი ძალიან პასიურია. ეს, რის გაკეთებსაც აპირებს რუსეთის რესურსისთვის ძალიან მცირე ნაბიჯია. ამის მეათედი არ გაუკეთებია უკრაინას და დაანგრია იქაურობა, არადა ჩვენთან პრობლემის შექმნა ნახევარ საათში შეუძლია. ის ტანკები, რომ დაქოქოს და გადაკეტოს საქართველო, ეს უკვე პრობლემაა. ამ ტიპის ნაბიჯებს რუსეთი არ დგამს და ეს თავისთავად ძალიან საინტერესოა.
ეს მართლაც გარკვეული თვალსაზრისითაა პასუხი. პრინციპში, საქართველო მაინც უფრო მიუშვა რუსეთმა, ვიდრე ეს მას მსჩვვია. შეიძლება გარანტია აქვს იმ ბაზების, რომელიც საქართველოში ჰყავს დაყენებული და ამიტომ არ ცდილობს ქართული თემით თავის ატკიებას, თორემ მას ძალოვანი მოქმედების გაცილებით დიდი რესურსი აქვს", - აცხადებს საყვარელიძე.