ავტორი სალომე უერთაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორთან" საუბრისას მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილა, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვაზე გაამახვილა.
- ბატონო ალექსანდრე, პირველ რიგში, მაინც ჩაშლილ საყოველთაო განხილვაზე ვისაუბროთ, როგორ შეაფასებდით ფილარმონიაში განვითარებულ მოვლენებს?
- ჩაშლილი საყოველთაო განხილვა, რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია. ახალგაზრდების ნაწილმა საკუთარი აზრების გამოხატვა იმ ხერხით მოინდომა, რაც ვნახეთ, არცთუ ზრდილობიანად. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ იარლიყების დაკერება აღარ არის საჭირო, ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ეს გამოთქმები: „სუკის აგენტი", „კრემლის აგენტი", „მთელი ინტელეგენცია ჩარეცხილები" და ა.შ. მაგალითად მე, ამ ახალგაზრდებს კომუნისტებს არ დავუძახებდი. საჭიროა სხვა მიდგომები. მათ აქვთ გარკვეული პოზიცია და თავისი ასაკის შესაფერისად ცდილობენ გამოამჟღავნონ გარკვეული ამბოხი და ტემპერამენტი, ამიტომ ამ პროცესს სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა შევხედოთ და არ უნდა დავწამოთ ცილი, რომ თითქოს ისინი უწიგნურები არიან. მართულნი არიან თუ არა, მაინც მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმ ფორმებს, რასაც ისინი გუშინ იყენებდნენ, სჯობდა, ნორმალურად დაესვათ კითხვები ან გამოსულიყვნენ და ისე ეთქვათ თავიანთი შეხედულებები, ყოველგვარი ისტერიკის გარეშე. ჩვენი ხელისუფლება კი იმითაა განსაკუთრებული, რომ ამ ყველაფერს უფრო ლოგიკურად, ზომიერად და საღად უნდა მიუდგეს.
- რამდენად იზიარებთ იმ მოთხოვნებს, რაც სახალხო განხილვებზე გაჟღერდა, თუნდაც მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით?
- ერთი რამ მინდა გარკვევით ვთქვა, ჯერჯერობით უმრავლესობაშიც ყველაფერზე შეთანხმებულები არ ვართ. არის უამრავი კითხვა, რომელიც უმრავლესობის წევრებს აქვთ და მათ შორის, მეც. ესაა თუნდაც მიწის საკითხი. გარკვეულ ნაწილს მიგვაჩნია, რომ მიწა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიყიდოს უცხოელზე და ეს უნდა აისახოს კონსტიტუციაში და არა ორგანულ კანონში. ხოლო, გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რომელიც ქვეყანას დიდ სიკეთეს მოუტანს, უნდა დაარეგულიროს ორგანულმა კანონმა.
არის სხვა თემებიც, რომელიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, მაგალითად, ორმაგი მოქალაქეობის საკითხი. საინტერესოა, როგორ და რაში გამოადგება ჩვენს ქვეყანას ორმაგი მოქალაქეობა.
ასევე გარკვევით უნდა ჩაიწეროს, რომ სახელმწიფო იცავს ეროვნულ ფასეულობებს. ანუ, არის ბევრი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ შესათანხმებელია, ასე რომ, კანონპროექტი კონსტიტუციის შესახებ დალუქული არ არის.
საყოველთაო განხილვები საკმაოდ საინტერესოდ და ღიად მიმდინარეობდა. განხილვები გაგრძელდება, მაგრამ არა ისეთი სახით, როგორც ფილარმონიაში. ვთხოვ ახალგაზრდებს, ეს სტილი შეცვალონ.
პარლამენტის თავმჯდომარე რომ გარკვეულწილად აღელდა, ესეც გასაგებია, ფაქტობრივად ერთი თაობაა. თუმცა, ესეც საჭიროა, რადგან პოლიტიკოსი აქაც იწრთობა.
- ასევე, შევეხოთ კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტს, პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს შეხვდა, რას გვეტყვით ამაზე?
- ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ყურადღების ცენტრში ნაკლებად მოექცა და გარკვეულმა საკითხებმა გადაფარა, რაც ძალიან ცუდია. ეს არის უმნიშვნელოვანესი გარღვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი არის მყიფე და ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ. ტრამპისა და კვირიკაშვილის შეხვედრა სხვა საკითხებმა არ უნდა გადაფაროს.
- დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, სადაც პირველად დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ, ამ ფაქტს როგორ შეაფასებთ?
- ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, ამიტომ ჩვენ არ უნდა გავუშვათ ეს შანსი ხელიდან და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამით მთავრდება ყველაფერი. ახლა მოგვეცა შანსი, უფრო გავაღრმავოთ და განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ამიტომ ენერგიის დაშურება არ ღირს. მაქსიმალური მეცადინეობაა საჭირო.
- საუბარია აზარტული თამაშების აკრძალვის შესახებაც, თქვენ თუ ხართ მომხრე ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების?
- ამან ძალიან ბევრი ოჯახი გააუბედურა, ნარკოტიკზე უარეს შედეგს იძლევა. იყო ამის მცდელობა, თუმცა, მივიჩნევ, რომ ამ საკითხსაც ფრთხილად უნდა მივუდგეთ, თანდათანობით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, რათა უკუშედეგი არ მივიღოთ, თუნდაც ეკონომიკაში. არის ქვეყნები, სადაც ასეთი დაწესებულებები ქალაქიდან გარეთაა გატანილი და მოქცეულია ერთ სივრცეში. ვნახოთ, რა იქნება.
- ბატონო ალექსანდრე, „ღამის მგლებთან" და ლუჟკოვის ვიზიტთან დაკავშირებით რას გვეტყვით, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ორივე თემამ...
- პენსიონერი ლუჟკოვი ჩამოვიდა და ატყდა ერთი ამბავი. აი, ასეთი სიმამაცის გამოჩენა ჩემთვის ცოტა სხვა გრძნობებს იწვევს. თუ ის პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული, მაშინ ნუ შემოვუშვებთ.
თუნდაც ეს „ღამის მგლები", მოგეხსენებათ, ტურისტის საზღვარზე გადმოსვლა შეიძლება, რუსეთის მოქალაქეები ჩვენს სივრცეში თავისუფლად გადმოდიან, მათ არ ჰქონდათ არანაირი ამოსაცნობი ნიშანი, შეეძლოთ შემოსვლა. თუმცა, თუ მათ რაიმე დააშავეს, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა გატარებულიყო.