ავტორი სალომე უერთაშვილი
„ჯერჯერობით უმრავლესობაშიც ყველაფერზე შეთანხმებულები არ ვართ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორს" განუცხადა და კონსტიტუციის საყოველთაო განხილვაზე ისაუბრა.
ქანთარია იმ მოთხოვნებს გამოეხმაურა, რომელიც განხილვებზე გაჟღერდა.
„არის უამრავი კითხვა, რომელიც უმრავლესობის წევრებს აქვთ და მათ შორის, მეც. ესაა თუნდაც მიწის საკითხი. გარკვეულ ნაწილს მიგვაჩნია, რომ მიწა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიყიდოს უცხოელზე და ეს უნდა აისახოს კონსტიტუციაში და არა ორგანულ კანონში. ხოლო, გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რომელიც ქვეყანას დიდ სიკეთეს მოუტანს, უნდა დაარეგულიროს ორგანულმა კანონმა.
არის სხვა თემებიც, რომელიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, მაგალითად, ორმაგი მოქალაქეობის საკითხი. საინტერესოა, როგორ და რაში გამოადგება ჩვენს ქვეყანას ორმაგი მოქალაქეობა.
ასევე გარკვევით უნდა ჩაიწეროს, რომ სახელმწიფო იცავს ეროვნულ ფასეულობებს. ანუ, არის ბევრი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ შესათანხმებელია, ასე რომ, კანონპროექტი კონსტიტუციის შესახებ დალუქული არ არის.
საყოველთაო განხილვები საკმაოდ საინტერესოდ და ღიად მიმდინარეობდა. განხილვები გაგრძელდება, მაგრამ არა ისეთი სახით, როგორც ფილარმონიაში. ვთხოვ ახალგაზრდებს, ეს სტილი შეცვალონ.
პარლამენტის თავმჯდომარე რომ გარკვეულწილად აღელდა, ესეც გასაგებია, ფაქტობრივად ერთი თაობაა. თუმცა, ესეც საჭიროა, რადგან პოლიტიკოსი აქაც იწრთობა", - ამბობს ქანთარია.