logo_geo
eng_logo
ხელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში“ გივი ბერიკაშვილის ბიუსტი დაიდგმება
- +

18 მაისი. 2017. 01:42


 

18 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა ბაღში" გივი ბერიკაშვილის ბიუსტი დაიდგმება.



მოქანადაკე თემურ ჭყონიამ - გივი ბერიკაშვილის მეგობარმა, მისივე სიცოცხლეში შექმნა მსახიობის სკულპტურული პორტრეტი, რომელიც თბილისის მერიის ხელშეწყობით, ბრინჯაოში ჩამოისხა.



18 მაისს, გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღისთვის, ბიუსტის გახსნასთან ერთად, წარმოდგენილი იქნება გივი ბერიკაშვილის ფოტოები.



საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი გივი ბერიკაშვილი 10 აპრილს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.



გივი ბერიკაშვილმა 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო სოხუმის თეატრში, შემდეგ იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, შემდეგ რუსთავის თეატრის დამაარსებელთა შორის გახლდათ, სხვა მის კოლეგა-თანამოაზრეებთან ერთად გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, ხოლო 1976 წლიდან დღემდე კვლავ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო.



დაუვიწყარია მის მიერ განსახიერებული სცენიური სახეები მეფე ერეკლე, მიტუა, ალექსანდრე ჩინჩახელი, ტიგრან გულოიანი, ბულიკა, ლალე, ჯენარო, ბონდო ლანჩავა, ლუარსაბ თათქარიძე, ფოლსტაფი, მილერი, ლელთ ღუნია, ვასილ ახმეტელი, სენიორ ბალბოა და მრავალი სხვა.



მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა მისი გმირები კინოფილმებში: „ლონდრე", „სიყვარული ყველას უნდა", „ღვინის ქურდები", „პეპელა", „სამოთხის გვრიტები", „მიჯაჭვული რაინდები" და მრავალი სხვა.



მარჯანიშვილის თეატრის წინ 2008 წელს გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი, გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი - გივი ბერიკაშვილი".



იგი იყო ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე. შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდოს „ხელოვნების ქურუმი" მფლობელი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner