ავტორი სოფო ხუგოიანი
„მურვან ყრუ არ სძულდა ისე საქართველოს მოსახლეობას, როგორც „რესპუბლიკელები“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგი თოფაძემ.
თოფაძის ამ განცხადებას „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გია ცაგარეიშვილი გამოეხმაურა. „რეპორტიორთან“ საუბრისას ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ როცა გუნდში ასეთი კონფლიქტია, კოალიციური თანაცხოვრება უნდა დასრულდეს.
„თუ ლევან ბერძენიშვილი მურვან ყრუ, თემურლენგი და შაჰ აბასია, მაშინ რატომ არის თოფაძე ამ ადამიანებთან ერთად კოალიციაში? თუ თანაგუნდელებს შორის ასეთი სიძულვილი და დაპირისპირებაა, რომელიც ზღვარს გადასცდა, რა აკავშირებთ მათ?! ვფიქრობ, მათი კავშირის მიზეზი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მომავალ პარლამენტში მოხვედრის დაუოკებელი სურვილია. რა თქმა უნდა, როცა გუნდის წევრებს მხოლოდ ეს ინტერესები აერთიანებთ, ის კოალიცია აღარ ჰგავს კოალიციას, ამიტომ მიმდინარე მოვლენებს უარყოფითად ვაფასებ. ერთმანეთის მიმართ ასეთი შეურაცხყოფები ძალიან არასერიოზულია.
ფაქტი სახეზეა, მათ შორის დიდი სიძულვილი ბუდობს, ამგვარი დამოკიდებულება მუდამ ჩანდა, მაგრამ ახლა ყველაფერი სააშკარაოზე გამოიტანეს. ეს არ არის მხოლოდ ერთი ლოკალური კონფლიქტი, ამ ადამიანებსა და პარტიებს შორის უამრავი დაპირისპირება არსებობს. ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში კოალიციური თანაცხოვრება უნდა დასრულდეს. დავესესხები თამაზ მეჭიაურს, თუ არის ასეთი დაპირისპირება, დროა, პარტიებმა ცალ-ცალკე იყარონ კენჭი არჩევნებზე. არ შეიძლება, თანამდებობას, ხვალინდელ მდგომარეობასა და პოლიტიკურ გავლენებს გადააყოლო ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობა“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.