ავტორი სოფო ხუგოიანი
„რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ კოალიცია „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე მოვლენები შეაფასა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" თავისი პოლიტიკური შეცდომების გამო ამ ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დაკარგა, მან ხელი შეუწყო იმ პოლიტიკური პარტიების ფეხზე დაყენებას, რომლებიც საკუთარი ძალისხმევით უნდა მისულიყვნენ გარკვეულ კონდიციამდე.
„თავისთავად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ გაცილებით უფრო სტაბილური პოლიტიკური სისტემა შეიქმნას, რომელიც არ იქნება გამობმული ბელადებსა და მატარებლებზე. უნდა იყოს რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც ნელ-ნელა მიიღებს სახეს. როგორც ჩანს, ბოლო 20 წლის განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი ფუნქცია უკვე ამოწურეს და მხოლოდ მხსნელით და ბელადით შეუძლიათ ხელისუფლებაში რაიმე პოზიციის დაკავება.
ის, რომ კოალიციას ამოწურული ჰქონდა თავისი რესურსი და უკვე არ წარმოადგენდა რეალურად ფუნქციონირებად კოალიციას, თავისთავად ცხადი იყო. არჩევნებზე ყველა პარტია დამოუკიდებლად უნდა გავიდეს და ჰქონდეთ ხალხის ნდობა. პოლიტიკურ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაციის ხარისხი. რამდენად წარმოადგენენ რეალურ პარტიებს პოლიტიკური ორგანიზაციები, ეს 2016 წლის არჩევნებმა უნდა გვაჩვენოს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", თუ 2016 წლის არჩევნებამდე შეძლებს, შეცდომა არ დაუშვას და მობილიზაცია გაუკეთოს სერიოზულ რესურსს, ამ შემთხვევაში მას არ უნდა ჰქონდეს არჩევნებში დამარცხების მოლოდინი. „ქართულმა ოცნებამ" თავისი პოლიტიკური შეცდომების გამო ამ ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დაკარგა, ხელი შეუწყო იმ პოლიტიკური პარტიების ფეხზე დაყენებას, მათ შორის ფინანსური რესურსებითაც, რომლებიც საკუთარი ძალისხმევით უნდა მისულიყვნენ გარკვეულ კონდიციამდე", - ამბობს გიორხელიძე.