სააგენტო Bm-ის ინფორმაციით, საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართულმა ღვინომ ლონდონში გამართულ Decanter-ის დაჯილდოებაზე პლატინის მედალი აიღო. საუბარია კომპანია „მარანულის" მიერ წარმოებულ 2015 წლის „ოშხანურ საფერეზე".
ღვინომ :საუკეთესო ქართული წითელი ღვინის" კატეგორიაში უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა კომპანიის მიერ წარმოებული კიდევ ორი ღვინო: მუკუზანი და ქვევრის რქაწითელი.
„მარანულის" დამფუძნებელი გიორგი კილაძე აცხადებს, რომ პლატინის ჯილდო Decanter-ის დაჯილდოებაზე იშვიათად გაიცემა. მაგალითად, 10 წლის განმავლობაში სულ გაცემულია 130 პლატინის ჯილდო, როდესაც ოქროს მედალი 16 ათასი ღვინისთვის აქვთ მინიჭებული.
პლატინის მედლის მფლობელმა ქართულმა ღვინომ სპეციალისტების მხრიდან 100 ქულიდან 95 დაიმსახურა, მუკუზანმა 83, ქვევრის რქაწითელმა კი - 88 ქულა.