logo_geo
eng_logo
ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები ლაშა თორდიას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ
- +

19 მაისი. 2017. 11:39



„ჩვენ ღიად და საჯაროდ მოვუწოდებთ მომხდარი შემთხვევის ნებისმიერ თვითმხილველ პირს, არ შეგეშინდეთ საქართველოს მთავარი აუდიტორის მუქარის, ნუ მოგერიდებათ, თქვათ სიმართლე", - ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა „კვირას" პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც ადვოკატმა ამბობს, ლაშა თორდია „ელ ცენტროში" მომხდარი ინციდენტის თვითმხილველებზე ზეწოლას ახორციელებს, გარდა ამისა, მთავარი აუდიტორი ემუქრება ადვოკატებსა და თავად ოთარ ფარცხალაძესაც.


„ჩვენი ასეთი სახის ღია მოწოდება ნებისმიერი თვითმხილველი პირის მიმართ განპირობებულია იმით, რომ ინფორმაციის შეგროვების დროს უკვე არაერთმა ნეიტრალურმა პირმა, რომელიც სტუმრობდა მოცემულ კაფე-ბარს და იყო თვითმხილველი მომხდარისა, უარი განაცხადა გამოკითხვაზე. მათი მხრიდან აპელირება გაკეთდა ლაშა თორდიას სატელევიზიო განცხადებაზე, სადაც ეს უკანასკნელი ცინიზმით მოიხსენიებს საკუთარ მოქალაქეებს და აცხადებს, რომ მათ აუცილებლად მოსთხოვს პასუხს. ასეთი ტიპის მუქარამ თავისი ნაყოფი გამოიღო და დღეს უკვე რამდენიმე ნეიტრალური ადამიანი უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე. ბატონი თორდიას მუქარები ამით არ დასრულებულა და ის უკვე საჯაროდ გადასულია ადვოკატისა და ბატონ ოთარ ფარცხალაძის ირიბ მუქარაზე. შევახსენებთ თორდიას, რომ როგორც პროვოკაცია, ცრუ დასმენა, მუქარა და ადვოკატის საქმიანობისთვის ხელის შეშლა დასჯადია კანონმდებლობით და ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მისგან განსხვავებით, დროულად შევატყობინებთ სამართალდამცავ ორგანოებს", - ამბობს მერაბ ჩიქოვანი.


როგორც მერაბ ჩიქოვანმა აღნიშნავს, არასამთავრობო სექტორი, გარკვეული პოლიტიკური ფიგურები თორდიას ვერსიას ახმოვანებენ, როგორც დადასტურებულ ფაქტს და ოთარ ფარცხალაძეს მოიხსენიებენ დანაშაულის ჩამდენად, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღევაა. ადვოკატი საზოგადოებას მოუწოდებს, განცხადების გაკეთებამდე კანონს გადახედონ. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner