„საპატრიარქოს პოზიციაა, რომ სასამართლო იყოს ღია", - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა მიმდინარეობს.
„ჩვენ მომხრე ვართ, რომ მოხდეს საქმის ობიექტური განხილვა. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მამა გიორგი მამალაძის ინტერესები და მეორე მხრივ, ასევე იმ ადამიანთა ინტერესები, რომელთა პირადი ცხოვრების გარემოებებზე ან არსებით საკითხზე შეიძლება იყოს საუბარი და რომლის გასაჯაროებაც ზიანს მიაყენებს იმ ადამიანთა ინტერესებს. აქედან გამომდინარე, დაველოდებით იმ დასაბუთებას, თუ რას დაასახელებს, ერთი მხრივ, პროკურატურა და მეორე მხრივ, დაცვის მხარე, რომელიც შეგვპირდა, რომ მათი შუამდგომლობაც ასევე იქნება დასაბუთებული", - განაცხადა ედუშერ ქარჩავამ.