„მაესტროს" ერთ-ერთი მეწილის მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ სასამართლო პროცესები გაიწელა, ეს ნეგატიურად აისახება ტელევიზიაზე და შესაძლოა, „მაესტროს" სიგნალი გაითიშოს.
„არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომ ვივარაუდოთ სხდომის გადადების თაობაზე. ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ შესაძლოა, გაჩეჩილაძემ მოითხოვოს სხდომის გადადება იმ მოტივით, რომ სასამართლო დაელოდოს დირექტორად მის დანიშვნას. თუმცა შესაძლოა, დირექტორად დანიშვნას დრო დასჭირდეს და კრედიტორები რატომ უნდა დაელოდნენ გაჩეჩილაძეს?
თუ პროცესი გაიწელა, ეს ნეგატიურად აისახება ტელევიზიაზე და თუნდაც უცხოელი კრედიტორები შესაძლოა აღარ დაელოდონ პროცესს და გათიშონ სიგნალი", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.
რაც შეეხება - დაესწრება თუ არა გაჩეჩილაძე სასამართლო პროცესს როგორც მხარე, ადვოკატის განმარტებით, შესაძლოა მისი პროცესზე დასწრება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ გაჩეჩილაძემ „მაესტროს" ფული ასესხა.
„თუ მოინდომებს გაჩეჩილაძე კრედიტორად დაფიქსირებას და იმის აღიარებას, რომ მან ფული ასესხა „მაესტროს", მაშინ მას ექნება უფლება, დაესწროს სხდომას", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.