logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: არავის გავუყრივართ...
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

4 აპრილი. 2016. 17:38


ფრაქცია „ეროვნული ფორუმის" წევრი ანი მიროტაძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაზე „რეპორტიორთან" საუბრობს. მისი თქმით, „ეროვნული ფორუმი" ხელისუფლებას სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტაში ხელს არასდროს შეუშლის. არა მხოლოდ არ შეუშლის, არამედ  მისი აქტიურ პარტნიორიც იქნება. მისივე თქმით, რაზეც განსხვავებული პოზიცია ექნებათ,  იტოვებენ უფლებას, ღიად განაცხადონ. „ეროვნული ფორუმი" პარალელურ რეჟიმში საარჩევნო მზადებას იწყებს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა აღნიშნა, კოალიციისა და უმრავლესობის დატოვების მიზეზი კონფლიქტი არ ყოფილა.

 

„პირველი - „ეროვნული ფორუმი" არ ჩხუბობს. შესაბამისად, ჩხუბი და ურთიერდაპირისპირება არ არის კოალიციის დატოვების მიზეზი. მეორე - ეჭვები წინასწარ მინდა გავფანტო და გითხრათ, რომ ჩვენ არც არავის გავუყრივართ, არც არავისზე გაბრაზებულები არ ვართ. ისე, როგორც ყველა სოლიდურმა პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შანსები და რესურსები აწონ-დაწონოს, საარჩევნო წელს  გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი შედეგი დამოკიდებული იყოს (ვგულისხმობ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს) მხოლოდ „ეროვნულ ფორუმზე", მისი ლიდერების,  აქტივის,   წევრებისა და ზოგადად ამ პარტიის შესაძლებლობებზე, და იმ  ქეისზე, რომლითაც ამომრჩეველთან მივა.

 

არანაირი კონფლიქტი არ არსებობდა, მსგავსი რამ არ მომხდარა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იყო გარკვეული საკითხები, რაზეც განსხვავებული მოსაზრებები გვქონდა.  ზოგის შესახებ მედიისთვის ცნობილია, ზოგი კი, დახურულ რეჟიმში იყო განხილული. თუმცა, ჩვენ,  როგორც გუნდურ მოთამაშეს, „ეროვნულ ფორუმს" რა ვალდებულებებიც ჰქონდა,  ბოლომდე შეასრულა. კარგად ვიცოდით, უმრავლესობის ფორმატში როგორ უნდა მოვქცეულიყავით და სწორედ ასე ვიქცეოდით.  

 

დამოუკიდებლად ვიწყებთ მზადებას არჩევნებისთვის. საზოგადოებისთვის და მედიისთვის, ჩვენი დამოუკიდებელი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ხშირად გახდება ცნობილი და აღარ იქნება ეს შეთანხმებული კოალიციასთან.  ჩვენ ძალიან დიდი საქმე გავაკეთეთ ერთად. უმადურობა არის ძალიან ცუდი, ბევრი საქმე გავაკეთეთ ერთად, დაწყებული 2012 წლის გამარჯვებიდან - დღემდე. ახლა  სხვა მოცემულობაა, გარკვეულ საკითხებზე გვაქვს განსხვავებული მოსაზრება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ისე როგორც ცივილიზებულ ქვეყანას ეკადრება, პოლიტიკურმა პარტიებმა, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა აქვს, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი თავად უნდა მართონ.  ეს ჩვენი ძირითადი მოსაზრება და მოცემულობაა.

 

არ ვაპირებთ, დავემსგავსოთ სხვა პარტიებს, რომლებიც მუდმივად „ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა-გინებით არიან დაკავებულნი. და ყველაფერში დამნაშავეს, ვთქვათ, ამ ერთ პერსონალში და „ქართულ ოცნებაში" ხედავენ. არც გარკვეული ეპითეტების გამოყენებასა და ბინძური ლექსიკონით  პოლიტიკაში გარკვეული შეხედულებების გამჟღავნებას არ ვაპირებთ. ეს ჩვენი სტილი არ არის.   ყველას ვთავაზობთ თვისობრივად ახალ პოლიტიკურ მოცემულობას, მაქსიმალურად დატვირთულს კონკურენციითა და  ურთიერთპატივისცემით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანსაღი კონკურენცია ვერ შედგება.

 

ჩვენ საერთოდ არ ვფიქრობთ საარჩევნო ბარიერის გადალახვაზე. ჩვენ ხმას ამომრჩევლამდე მივიტანთ.  რასაც ამომრჩეველს ვეტყვით - მხოლოდ სიმართლე იქნება.  დანარჩენი დამოკიდებულია,  საზოგადოება რამდენად დაგვიჯერებს. ამიტომ საერთოდ არ განვიხილავ, გადალახავს თუ არა „ეროვნული ფორუმი" ბარიერს, რა თქმა უნდა, გადალახვს.

 

ეს არის პარტია, რომელსაც აქვს საკუთარი პოლიტიკური ბიოგრაფია, ჰყავს ლიდერები, აქვს საკუთარი რეიტინგი და იმიჯი საზოგადოებაში. როდესაც ვთვლიდით, რომ საერთო საქმეებზე სათათბირო და კონსულტაციების რეჟიმი უნდა გვქონოდა, როდესაც კოალიციის ფორმატში ვიყავით, რასაკვირველია, გვქონდა ვალდებულება, პრემიერთან შევთანხმებულიყავით გარკვეულ საკითხებზე. თუმცა, როგორი უნდა იყოს „ეროვნული ფორუმის" დღის წესრიგი, ეს მხოლოდ ამ ფრაქციის გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკური პარტია თავად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას.

 

არავისთან გაერთიანებაში არ შევდივართ. ვტოვებთ კოალიციას და დღეს გაცხადდა, რომ ვტოვებთ საპარლამენტო უმრავლესობასაც. როგორც იცით, ჩვენი პარტიის ლიდერი ბატონი კახა შარტავა იქნება", -  განაცხადა ანი მიროტაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner