logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: FBI-ის უფროსის სამსახურიდან დათხოვნამ ზეწოლა შეამსუბუქა
- +

20 მაისი. 2017. 01:40



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირებს უთხრა, რომ FBI-ის ხელმძღვანელის ჯეიმს კომის სამსახურიდან გათავისუფლებამ მის მიმართ არსებული „დიდი ზეწოლა" შეამსუბუქა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.


იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც New York Times-ი ავრცელებს, ტრამპმა კომის „ნამდვილი გიჟი" უწოდა.


„FBI-ის დირექტორი მე გავათავისუფლე სამსახურიდან. ის ნამდვილი გიჟი იყო. რუსეთის გამო დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდი", - Times-ის მიხედვით, დონალდ ტრამპმა ეს სიტყვები რუსეთის ოფიციალურ პირებს უთხრა.


ჯეიმს კომი ხელმძღვანელობდა გამოძიებას, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთსა და დონალდ ტრამპს შორის შესაძლო კავშირს იკვლევს.


თეთრმა სახლმა New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად არ უარყო, თუმცა პრესმდივანმა შონ სპაისერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ძირს უთხრის ეროვნულ უსაფრთხოებას.


„რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებული გამოძიების პოლიტიზებით ჯეიმს კომიმ ზეწოლა მოახდინა აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობებზე. აშშ-ის პრეზიდენტი ყოველთვის ხაზს უსვამდა რუსეთთან შეთანხმებების მიღწევის მნიშვნელობას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება სირიას, უკრაინას, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

 

გამოძიება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რეალურად, ასეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს პირად და ძალიან მაღალ დონეზე წარმართული დიალოგის დეტალებს, ძირს უთხრის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას", - განაცხადა შონ სპაისერმა.


BBC-ის ცნობით, ჩანაწერი გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა, როდესაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის ელჩი სერგეი კისლიაკი მიიღო.


დონალდ ტრამპმა რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, FBI-ის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner