დეპუტატ ოთარ კახიძის განცხადებას მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის სახლში ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.
„კახიძემ ისე დაიცვა ადეიშვილის პირადი ხელქვეითი წოწორია, ფაქტიურად ყველაფერს ნათელი მოჰფინა - კახიძეც და წოწორიაც ადეიშვილის მსახურები იყვნენ და დღესაც ესე გრძელდება", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ქარცივაძე.
ბათუმში, ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლი გაჩხრიკეს. ამის შესახებ ოთარ კახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ევროპული საქართველოს" დეპუტატის, ოთო კახიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას საქმის განხილვაში მონაწილე წოწორიას ძმის სახლის ჩხრეკა სერიოზულ ეჭვს ბადებს. მისივე აზრით, ის, რომ ევროსასამართლოს დიდი პალატა მერაბიშვილის საქმეს განიხილავს, ასევე დასკვნით ეტაპზეა გიგი უგულავას საქმე და განხილვის პროცესშია „რუსთავი 2"-ის საქმე, შესაძლოა, ხელისუფლების შურისძიებაზე მიუთითებდეს:
„ამ პირობებში სტრასბურგში საქართველოს მოსამართლის ოჯახის წევრის სახლის ჩხრეკა ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შურისძიებას ხელისუფლების მხრიდან, ან მცდელობას, ზეწოლა მოახდინონ მოსამართლეზე", - წერს კახიძე.