საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე „საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება, თუ იგი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი.
მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილი იქნება პარტია „ქართული ოცნების" ლიდერი და „საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების მოტივაციაც ძირითადად ეს არის.
„ჩვენ გვაქვს განზრახვა, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, ალბათ, ძალიან მალე ოფიციალურად დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტს. რა თქმა უნდა, აქ დასამალი რა არის. მოტივაციაც გასაგებია ყველასთვის. იგი იქნება ჩვენი გუნდის ლიდერი, ჩვენი კოალიციის ლიდერი. რაც არ უნდა კომენტარი გაკეთდეს ამაზე მომავალ არჩევნებამდე, იგი იქნება პარტია „ქართული ოცნების" ლიდერი და თავისთავად ამ საკანონმდებლო ინიციატივის მოტივაციაც ძირითადად ეს არის", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.