logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ბატონ ზალბერს განცხადება გამოუცხვია...
- +

19 მაისი. 2017. 22:06


ცხელ გულზე ნაფიქრალ-დაწერილი: 


++++++++++++++++++++++++++++


აიდა, ზალბერ, აიდა, ძაღლის შვილო, ეს რამ გათქმევინა, შე კაცო?!


+++++


ცნობილი ფაქტია: როცა გენიოს პუშკინს ერთი საკუთარი ლექსი გადაუკითხავს, თურმე აღტაცებით (!) წამოუძახებია: აიდა, პუშკინ, აიდა, შე ძაღლისშვილო, ასე კარგად რამ დაგაწერინაო!...


ისიც ცნობილი ფაქტია, როცა თავისი „გამზრდელი" სხვისი ხმით წაკითხული მოუსმენია, საქართველოს განუმეორებელ ბულბულს, ჩვენს დიდ აკაკისაც თვალზე ცრემლმორეულს უთქვამს: ეს, მართლაც, კარგი რამ დამიწერიაო...


ეს ორივე ამბავი ყოველთვის მახსოვს, მაგრამ როცა ერთი მეტისმეტად გულსატკენი ამბავი გავიგე, ცხელ გულზე, სწორედ პუშკინის შეძახილი არამცთუ გამახსენდა, არამედ ხმამაღლა „წამომცდა", ოღონდ... ადეკვატური ტონალობით და ისეთი შეფასებით, რომელიც აღტაცებისგან დიამეტრულად განსხვავდებოდა: „აიდა, ზალბერ, ეს რამ გათქმევინა და გაგაკეთებინა, შე მართლა „ძაღლისშვილო"!?"


აბა, იმავეს არ შესძახებდა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, როცა გაიგებდა, რომ 16 მაისს ევროკავშირის წარმომადგენელმა ზალბერმა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის"" ახალ ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს 9 აპრილს გამართულ „საპრეზიდენტო" არჩევნებში გამარჯვება მიულოცა: „ნება მომეცით, ... გამარჯვება მოგილოცოთ და ასევე მოგილოცოთ ამ თანამდებობის, ამ მნიშვნელოვანი თანამდებობის დაკავება".


აბა, თავს როგორ შეიკავებდა ნორმალური, პრობლემაში მეტ-ნაკლებად ჩახედული ადამიანი, რომელმაც იცის: ევროკავშირმა, ერთ-ერთმა პირველმა, გამოხატა თავისი უარყოფითი პოზიცია ამ მოვლენისადმი და ის რუსეთის პროვოკაციად შეაფასა, მერე ისიც კატეგორიულად განაცხადა, რომ არ აღიარებს მის შედეგებს. ყოველივე ამის შემდეგ, ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის მანდატის მფლობელი, გერმანელი დიპლომატი ბატონი ზალბერი კი... სრულიად საწინააღმდეგოს აკეთებს: ამ არაღიარება-არცნობის უშუალო სუბიექტს გამარჯვებასაც ულოცავს და თანამდებობის დაკავებასაც.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ, ევროკავშირის ელჩთან იანოშ ჰერმანთან შეხვედრაზე, ზალბერის ეს „წამოყრანტალება" შეაფასა მიუღებელად და გაუგებრად, საერთაშორისო სამართლის პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებად და გამოთქვა იმედი, რომ „ბრიუსელში" სათანადო შეაფასებენ საკუთარი წარმომადგენლის საქციელს.


ცოდვა გამოტეხილი ჯობს, ვთქვა, რომ რომ არა ევროკავშირის ელჩის ჰერმანის საგანგებო, მკაფიო პროქართული განცხადება, ვიფიქრებდი, რომ ჩვენდამი დამოკიდებულებაში კვლავ განმეორდა ორმაგი სტანდარტის არცთუ იშვიათი გამოვლინება და ზალბერმა ნებსით თუ უნებლიეთ ეს უგვანო „თამაში გაშიფრა". საბედნიეროდ, ამჯერად ჩვენი ეჭვი არ გამართლდა.

ერთი სიტყვით, ეს ზალბერი მიიწვიეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მან განაცხადა, რომ ის იზიარებს და განახორციელებს ევროკავშირის პოზიციას, ხოლო თავისი გამონათქვამი და საქციელი ახსნა ჩვეულებრივი დიპლომატური „ზრდილობიანობითა" და „ეტიკეტით". ამ ახსნა-განმარტებით, მისი აზრით „ინციდენტი" ამოიწურა.


ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენმა საგარეო უწყებამ, მორცხვად და კმაყოფილმა დახარა თავი. და როგორც ძველად იტყოდნენ... კრება დარჩა მხიარული.


მაგრამ, საზოგადოება სრულებითაც არ ფიქრობს ასე. და არ თვლის, ე.წ. ინციდენტს ამოწურულად.


ზალბერის მოქმედება თავისი საჯარო თუ კულუარული განცხადებით, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია. ისევე, როგორც ჩვენი საგარეო სამინისტროს ჯერ ბაქი-ბუქი რიტორიკა („დავიბარებთ და პასუხს მოვთხოვთ""), მერე კი ერთობ მორიდებული, ერთობ ფრთხილი (არიქა, „ვინმე" იქ, ევროპულ სტრუქტურებში, არ გავაღიზიანოთო) ე.წ. პოზიცია... ასე, უკაცრავად ნათქვამია, ვგონებ, სირაქლემები იქცევიან.


აბა, ვინმე სხვას „ჩაედინა" ეს, მაგალითად... კარასინს! ხომ გვახსოვს პრაღაში, „რაღაც" ჩვენი მოსაწონი ვერ თქვა და, ის კი არა, კინაღამ ზურაბ აბაშიძე გავაკარით ჯვარს. ანდა, აგერ, ამ რამდენიმე დღის წინ... ლუჟკოვი გამოვაცხადეთ „პერსონა ნონ გრატად". მან რა, ამ უტვინობაზე მეტი რამე თქვა ან ქნა? ანდა, იმ „უხსენებელი" ბაიკერების თემა გავიხსენოთ, რა ბრახა-ბრუხი ატყდა მაშინ...


სულ ცოტა, უხერხულად მაინც არ გრძნობენს თავს ბატონი დონდუა ანდა, ის პოლიტიკოსები, დეპუტატები, მაღალჩინოსნები, გულზე ხელის ბრაგუნით რომ გაიჯეჯილეს ტელეეკრანებზე. რამდენიმე დღეა დამაფიქრებელი დუმილი, „არსაიდან ხმა, არცთუ ძახილი"... ეჰ, ბატონებო, მაგრად კი შეჩვეულხართ... გადაყლაპვას! ბრავო!


ჰოდა, ახლა დადექით და უსმინეთ ჭიაბერაშვილებს, სამადაშვილებს: რა, ვერ იტყვიან „მწარედ", არ გიწოდებენ „უნიათოებს", პერსონალურ სამიზნეებს ააცდენენ, დროს ვერ შეარჩევენ თუ ტელეეკრანს დაუკავებს ვინმე?!


ახლა მეც მომისმინეთ:


ბატონი ზალბერი არ გახლავთ დამწყები, ახალბედა, გამოუცდელი დიპლომატი. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისში (ისევე, როგორც სხვა „ცხელ წერტილებში") ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის პასუხსაგებ მისიებს მხოლოდ გამობრძმედილებს ანდობენ. მით უმეტეს, ჟენევის ფორმატში მიმდინარე დისკუსიების თანათავმჯდომარეობას. აქსიომაა ის, რომ ასეთ დიპლომატებს „ენაზე კბილის დაჭერა" სისხლსა და ხორცში აქვთ გამჯდარი. და აბსოლუტურად გამორიცხულია რაიმეს გაუთვალისწინებელი „წამოცდენა", ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებითაც კი.


ჩემს ამ პირად მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ არც საჯაროდ და არც კულუარულად, ქართულ მხარესთან, რა თქმა უნდა, მას ბოდიში არ მოუხდია და არც მოიხდის, რამეთუ ეს მისი, როგორც დიპლომატის „თვითმკვლელობის", ანუ, პრაქტიკულად, საერთაშორისო ასპარეზზე მისი კარიერის დასარულის ტოლფასია.


და თუ გავითვალისწინებთ მის ადრინდელ (!!!) განცხადებებს, ისევე, როგორც ამ სკანდალურ შეხვედრაზე წინწამოწეულ თემას „ძალის არგამოყენების"" ვალდებულებების და მისგან გამომდინარე შესაბამისი დოკუმენტის შექმნა-ხელმოწერის აუცილებლობის შესახებ (გავიხსენოთ, ჩრდილო მეზობლის უპირველესი მოთხოვნა), ცხადზე ცხადია: „რაღაცას" გვაჩვევენ!!! „რაღაცისკენ" მივყავართ!!! და ცხინვალში, ჟენევის ფორმატში შეხვედრების ყველა თანათავმჯდომარის თანდასწრებით „მილოცვის სცენის" სპონტანურობა, დიახაც, უნდა გამოირიცხოს. ასე რომ, ზალბერის ე.წ. განმარტება, განცხადება, ისევე, როგორც „ლუღლუღი" დიპლომატური „ეტიკეტის" და „ზრდილობიანობის" შესახებ, ან მიამიტი თინეიჯერებისთვის არის განკუთვნილი. ან იმათთვის, ვისაც უნდა „თავი მოიტყუოს". როგორც ჩანს, ამ სპეცწარმომადგენელს ასეთები ეგულება ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სხვა სამთავრობო სტრუქტურებსა და, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაშიც...


უახლოესი წარსულის გამოცდილება მას და მისნაირებს, ეტყობა, რაღაც იმედს აძლევს. აი, თუნდაც მაგალითი ახლახან, ვიზიტად ჩამოსული და მეტისმეტად თბილად მიღებული უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანისა, როგორ იქცეოდა 2012 წლის საარჩევნო პროცესის დროს. ის მაშინაც-პრემიერი გახლდათ, მაგრამ წინასაარჩევნო თავხედური ვოიაჟით, მიტინგებზე გამოსვლებით და, შემდგომ, „ქართული ოცნების" მხარდამჭერი ამომრჩევლების საჯარო „დატუქსვით", მას ვერ განასხვავებდით „ნაციონალური მოძრაობის" ჩვეულებრივი აგიტატორისგან. მისი მოქმედება გახლდათ შეუნიღბავი, ყოვლადზღვარგადასული ჩარევა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში. არცერთ მაღალჩინოსანს და პოლიტიკოსს არ მოსვლია მაშინ აზრად გამოეთქვა საჯარო პროტესტი.


სხვათაშორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღესაც მუშაობენ „ძველი გამოცდილი და შეუცვლელი კადრები", მათ შორის წამყვან თანამდებობებზე, რომლებიც ვერ დაიტრაბახებენ მაშინდელი „აღშფოთებით". არც ამ სამარცხვინო მოვლენის შემდეგ მოსულ „ოცნებისტთა" კოჰორტას მოუკლავს თავი ქვეყნის ავტორიტეტის დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ მედიამ ცალსახად მიანიშნა მსგავსი ნაბიჯის აუცილებლობაზე. მაგრამ, არჩევნებზე „ქართული ოცნების" გამარჯვების ეიფორია იმდენად დიდი იყო, რომ საგარეო უწყების ახლადგამოჩეკილ უფროსობას, ამბიციურ „ოჯახურ კლანს", რომელსაც ნამეტნავად გაზვიადებული წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ გამოცდილებასა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად.


მაშინაც, ამ შემთხვევის გამო ვწერდით და დღესაც ხაზგასმით გავიმეორებთ: ზოგიერთ ჩვენს დიპლომატს შეიძლება დაჩლუნგებული ჰქონდეს საკუთარი ღირსების გრძნობა (და ეს მათი პრობლემაა), მაგრამ როცა საქმე ქვეყნის ღირსებას ეხება, ნურას უკაცრავად!


დიპლომატს თუ პოლიტიკოსს იმის თავი თუ არ გაქვს, საერთაშორისო არენაზე მიღებული (!) დიპლომატიური პრაქტიკის და წესების გათვალისწინებით პასუხი გასცე სპეცწარმომადგენლის თუ კიდევ „რაღაც მანტიაში" გახვეულ თავხედს, ვისი მანდატითაც არ უნდა მოქმედებდეს იგი, ქუდი უნდა დაიხურო და გაეცალო ასპარეზს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა შენზე ზემდგომები შეურაცხყოფის „გადაყლაპვას გავალებენ"!..


ქართულ დიპლომატიის ისტორიაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი მსგავსი ვაჟკაცური პრეცედენტი. გაგახსენებთ, თუნდაც, ვაჟკაცობისა და ზნეობრიობის ეტალონურ ნაბიჯს სულგანათლებული ლევან მიქელაძისა, რომლის ტოლი და წონის დიპლომატი, არა მგონია, ბევრი დადიოდეს ამ სამინისტროს კორიდორებში.


და ვერავითარი, ვითომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ვითომ სტრატეგიული პარტნიორებისთვის ანგარიშგასაწევი მოსაზრებები, ანდა, ერთობ წარმატებული (!!!) და საამაყო (!!!!) ვიზიტი ვაშინგტონში ვერ გადაფარავს იმ მტკივნეულ ალიყურს, რომელიც ვინმე ზალბერმა საქართველოს უთავაზა. ეს ასე ადვილად არც არავის დაავიწყდება, ისევე, როგორც ამ ე.წ. ელჩისთვის „ყურის აწევის" თინეიჯერული ქადილი და სამარცხვინო გაფაფხურება, შესაბამისი შედეგით!


ჩვენს უახლეს ისტორიას ისეთი სანანებელი გადაწყვეტილებებიც ახსოვს, რაც საკუთარი ინიციატივით მივიღეთ, რათა არ გაგვენაწყენებინა ახალი „უფროსი ძმა", დაგვემტკიცებინა მისთვის, რომ უფრო დიდი კათოლიკეები ვართ, ვიდრე რომის პაპი. გახსოვთ, ალბათ, უბედური შემთხვევის შედეგად წარმოშობილი დანაშაულისთვის საქართველოს მოქმედ დიპლომატს იმუნიტეტი მოვუხსენით და ვახეხინეთ უცხო ქვეყნის ციხე, ხოლო ანალოგიური შემთხვევისთვის დასასჯელი ევროკავშირის დიპლომატი ქვეყნიდან დროულად „გავაპარეთ". 


ჩვენ დიპომატიურ კორპუსს (და არა მარტო მას) შევახსენებთ, რომ არავინ ივიწყებს მსგავს „ჩავარდნა-ჩასვრებს" ისევე, როგორც არავინ არის ბრმა, არც ყრუ, რომ ვერ დაინახოს, ვერ გაიაზროს, ვერ გაითავისოს ის მიღწევა, ის სასიხარულო და საამაყო შედეგი, თუნდაც, ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებამ, ან ამერიკაში ბოლო, მართლა წარმატებულმა ვიზიტმა რომ მოიტანა, საზოგადოებამ გაიზიარა და მხარი დაუჭირა ჯერ მედიის ობიექტურ შეფასებებს, მერე კი სახელმწიფოს სახელით გამოთქმულ პრემიერის საჯარო მადლობას.


მაგრამ, არც ისე გვაქვს საქმე, რომ მავანმა ცხვირი ასწიოს და კრიტიკისგან დაზღვევა, ინდულგენცია გაინაღდოს. პირიქით, ამ სფეროში გამწესებულთა საქმიანობას, ქცევას, ცხოვრებას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მედია, საზოგადოება მუდმივად დააკვირდება გამადიდებელი შუშით, რამეთუ ეს სამინისტრო, მთელი დიპლომატიური კორპუსი საერთაშორისო არენაზე ქვეყნის სახეს წარმოადგენს, მისი ავტორიტეტის გამომხატველი და პოლიტიკურ-მორალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემა გახლავთ და არა „ოჯახური ბიზნესი", საკუთარ „ახლობელთა" და „თანაკლასელთა" დასაქმების ბიურო, როგორც ეს იყო არცთუ შორეულ წარსულში. და, საზოგადოების დაკვირვებით, ასეთი მიდგომა - „ელემენტებისგან", სამწუხაროდ, ეს უწყება, დღემდე ვერ განთავისუფლებულა.


და ბოლოს, საზოგადოების ვერდიქტია ის, რომ ბატონი ზალბერი ქართული სახელმწიფოს მხრიდან, ტაქტიანად,ზედმეტი რახა-რუხის გარეშე, მაგრამ პრინციპული, დაბეჯითებითი მოთხოვნა-რეკომენდაციით უცილობლივ (!), ვადაზე ადრე (!), ანუ მისი მანდატის დასრულებამდე (15.07.2017), უნდა ჩამოშორდეს იმ პროცესს, რომელსაც იგი „აკვირდება", „აფასებს" და რომლის მიზნობრივად და მშვიდობიანად დამთავრებისთვის უნდა იძლეოდეს კომპეტენტურ და ობიექტურ „რეკომენდაციებს", როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში. ეს მაგალითი იქნება სხვებისთვისაც, ვისაც არ უნდა, გაისიგრძეგანოს ჩვენი ღრმა წუხილი და იმედი. ეს ჩვენი საზოგადოების ერთობ მრავალრიცხოვანი და ობიექტური ნაწილის პრინციპული აზრია და მოლოდინი.


ზალბერს და ბრიუსელში მის მიერ ჩატანილ „ინფორმაციას" აწი ბიბილოვი, ხაჯინბა, ლავროვი და კომპანია ენდოს!


ტაში, კუკური!!!!




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner