შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა იმ პირის ვინაობა დაადგინეს, ვინც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მიმართულებით ისროლა.
„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინეს იმ პირის ვინაობა, რომელმაც 19 მაისს, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. სროლის შედეგად კლინიკის მე-3 სართულზე არსებული პალატის ფანჯარა დაზიანდა.
სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაუყოვნებლივ ჩაატარეს აღნიშნული პირის ბინის ჩხრეკა, საიდანაც რეგისტრირებული ცეცხლსასროლი რევოლვერი და ამავე რევოლვერისთვის განკუთვნილი „გეკოს" ვაზნები ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება გრძელდება ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.