logo_geo
eng_logo
ნანა ყეინიშვილი: ელისო კილაძეს არ ვიცნობ და არც მისი მეგობარი არ ვარ!
- +

20 მაისი. 2017. 21:38



„ქართული ოცნების" ქვოტით გასული წინა მოწვევის პარლამენტის  ყოფილი დეპუტატი ჩემმა ინკოგნიტო რესპონდენტმა ამ ორიოდე კვირის წინ საჯაროდ ამხილა ელისო კილაძის „ინფორმატორობაში" და მის თავგადაკლულ მეგობრადაც მოიხსენია. არადა, როგორც თავად ყოფილი დეპუტატი აცხადებს, ლამის სათოფეზეც არ გაკარებია „ქრონიკა+"-ის რედაქტორს და მის ფიცს თუ ვერწმუნებით, საერთოდ არ იცნობს მას!  არ ვიცი,  ეთაკილება კილაძესთან მეგობრობა, უფრთხის მის ორბიტაზე ყოფნას თუ უბრალოდ, საკუთარ სახელს უფრთხილდება, მაგრამ წლების განმავლობაში არაერთხელ შეურაცხყოფილ და გალანძღულ (ხშირად, ალბათ,- დაუმსახურებლადაც) ქალბატონს არცერთხელ არ მოსვლია აზრად ჟურნალისტთან პროტესტის გამოსახატავად დაერეკა... და როგორც თავად ამბობს - დღეს პირველი შემთხვევაა! დიახ, „წითელი ჯვრის" ყოფილი ხელმძღვანელი და სახელისუფლებო გუნდის ყოფილი წევრი ნანა ყეინიშვილი დღეს ელისო კილაძესთან მის კავშირს საჯაროდ უარყოფს და  აპროტესტებს:


- ძალიან საკვირველია, რომ ასეთი ტყუილების მოგონება შეუძლიათ ადამიანებს.  პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ საერთოდ არ ვიცნობ ელისო კილაძეს! ტელევიზიაში მყავს მარტო ნანახი და ერთადერთხელ, ინგა გრიგოლიას გადაცემაში ორივე მიწვეული სტუმრების როლში ვიყავით, ოღონდ ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს ვიჯექით. დამიჯერეთ, მეტჯერ ადამიანი  ცოცხლადაც კი არა მყავს ნანახი. ასეთი აბსურდული ბრალდება არანაირ ჩარჩოში არ ჯდება.

 

- ანუ, თქვენ უარყოფთ ინფორმაციას, თითქოს თქვენ მისი მეგობარი ხართ...

 

- ინფორმაციასაც უარვყოფ და უფრო მეტიც - ადამიანს არ ვიცნობ ფიზიკურად!

 

- გასაგებია, ქალბატონო ნანა, მაგრამ ფაქტია, რომ კილაძის ე.წ. „წყაროობაში" დაგდეს ბრალი...

 

- ერთმანეთში ნუ აურევთ... ცალსახად გიმეორებთ: ადამიანს არ ვიცნობ! რანაირად ჩამოგიყალიბო, რომ კარგად გაიგო? არც არასოდეს შევხვედრივარ! არც ტელეფონზე დავლაპარაკებივარ! ან შენ... როდესმე გიცნობდი? ხომ პირველად გელაპარაკები? ასევე არ მისაუბრია ამ ადამიანთანაც! მოკლედ, ამ საკითხზე მეტი ახსნა-განმარტება საჭირო აღარ არის! რასაც თქვენ გესაუბრებით, თქვენის ნებართვით, მეც ვიწერ, რომ მერე არ მოხდეს ისე, თითქოს მე რამე ზედმეტი ვთქვი. დაიცავი სამართლიანობა, გთხოვ...

 

- თუ ჩემი მისამართით თქვენს ნათქვამს ბრალდების სახე აქვს, ნამდვილად ვერ მივიღებ, რადგან, ამდენწლიანი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში, დღემდე ერთ ადამიანსაც არ დასცდენია საყვედური ჩემს „უსამართლობასთან" დაკავშირებით... ხოლო თუ თხოვნაა და რჩევა, გიდასტურებთ -  თქვენი ინტერვიუ გამოქვეყნდება მხოლოდ თქვენივე თანხმობის შემთხვევაში.

 

- ძალიან მადლობელი დაგრჩებით.

 

- ჩემთან  საუბრებში აღნიშნეთ, რომ კილაძემ არაერთხელ გამოაქვეყნა თქვენზე კრიტიკული მასალები...

 

- კიდევაც გავიმეორებ: ელისო კილაძემ ერთი-ორჯერ გამაკრიტიკაო, - ასე არ მითქვამს. მან ჩემზე ბევრჯერ დაწერა თავის გაზეთში და შეგიძლია, გადაამოწმო. ასე უაპელაციოდ ხომ არ შეიძლება ყველაფრის გამოქვეყნება? ვიღაცა თავგაცხელებულმა რაღაცა მოიგონა და მე რა უნდა ვთქვა? ყველა სიბინძურეზე მიდიან გაზეთები, სააგენტოები...

 

- „რეპორტიორზე" გაჟღერებულ ვერც ამ ირიბ ბრალდებას ვერ მივიღებ, ქალბატონო ნანა. მით უფრო - თქვენგან! როცა მხოლოდ ერთი წინადადება დაიწერა თქვენზე... მითუმეტეს, საპასუხო კომენტარსაც მაძლევთ ახლა.

 

- გიორგი, მადლობის მეტი მე არაფერი მეთქმის, თუმცა, ცრუ ბრალდების გამოქვეყნებამდეც შეგეძლო დაგერეკა.

 

- ქალბატონო ნანა, რესპონდენტი პირდაპირ გადებთ ხელს და ამიტომაც ვსაუბრობთ ახლა. სხვათაშორის, კილაძემ „გორგიას" თემაზე გაცილებით სერიოზული ბრალი დაგდოთ, ვიდრე ე.წ. კილაძის „წყაროობაა"... თუმცა, არ მახსოვს თქვენი პროტესტი!

 

- გიორგი, ამდენი ცრუ ბრალდების გამოქვეყნების მერე როგორღა გამოდის კილაძე ჩემი დაქალი?

 

- დაიბეჭდა და მერე მოხდა, ალბათ, თქვენი „დამეგობრება"...  არ შეიძლებოდა, ასე მომხდარიყო?

 

- ჩემს შვილებს ვფიცავარ, მაგ ქალს ფიზიკურად არასოდეს დავლაპარაკებივარ! სხვა რანაირად აგიხსნათ?

 

- კილაძის გაზეთში გამოქვეყნებული მასალა, სადაც თქვენზე იყო საუბარი, იყო თუ არა სიბინძურე?

 

- რა თქმა უნდა!

 

- ანუ, თქვენ ადასტურებთ, რომ ელისო კილაძემ თავის გაზეთში არაერთგზის დაბეჭდა თქვენზე სიბინძურე?

 

- რა თქმა უნდა, ვადასტურებ!

 

- მაგრამ თქვენზე რომ სიბინძურე გამოაქვეყნა, იმაზე პასუხს არ სთხოვთ... და ჩემმა რესპონდენტმა ერთი სიტყვით რომ გახსენათ, ჩემგან საპასუხო კომენტარის გამოქვეყნება მოისურვეთ...

 

- გიორგი, გამიჯნე ერთმანეთისგან ჩემი შენთან ინტერვიუ და კილაძის გაზეთში გამოქვეყნებული სიცრუე...

 

- ქალბატონო ნანა, მე ვსვამ ყველა იმ შეკითხვას, რაც შეიძლება გაჩნდეს საზოგადოებაში... თქვენ ამ კითხვების გამო არ უნდა გამინაწყენდეთ... მით უფრო, მასალას თავადვე გადახედავთ გამოქვეყნებამდე...

 

- მადლობელი დაგრჩები, გიორგი. ჩემს ცხოვრებაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ტელეფონი ავიღე და ჟურნალისტს დავურეკე. კიდევ გიმეორებთ: ელისო კილაძეს მე არ ვიცნობ!

 

- ქალბატონო ნანა, პირდაპირ გკითხავთ: თქვენი ამ ზარით რომელ ე.წ. ცრუ ბრალდებას აპროტესტებთ - კილაძის „ინფორმატორობას" თუ მასთან მეგობრობას?

 

- ორივეს, გიორგი! და დავამთავროთ საუბარი!

 

- რატომ? ასეთი სათაკილოა მასთან მეგობრობა?

 

- რამდენჯერ გაგიმეოროთ, გიორგი, რომ ამ ადამიანს არ ვიცნობ!

 

- მაპატიეთ შეკითხვისთვის, მაგრამ არც შუამავალი გყოლიათ ვინმე კილაძესთან? ან, ვინმეს არ გაუცნია თქვენთვის მისი თავი? ან, ვინმეს ხელით რაიმე სახის მასალა არ მიგიწოდებიათ კილაძისთვის?

 

- ვაიმე, რა შეკითხვას მაძლევ?! ჩემი სათქმელი ვთქვი უკვე, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია და დავამთავროთ ინტერვიუ. არასდროს, არავინ არ მყოლია შუამავალი ელისო კილაძესთან! არც პირადად ვიცნობ და არც მისი მეგობარი არ ვარ!




                                                                                  ესაუბრა გიორგი მამაცაშვილი

 

P.S. იმდენჯერ და ისე უარყო ქალბატონმა ნანამ „ქრონიკა+"-ის რედაქტორთან არათუ მეგობრობა, უბრალო ნაცნობობაც კი - კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ერთ საყოველთაოდ(!) აღიარებულ ჭეშმარიტებაში: ელისო კილაძესთან მეგობრობა სირცხვილია!




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner