სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების არსებობის აუცილებლობას ემხრობა. მინისტრის განცხადებით, ამ კუთხით მთავრობას ერთიანი პოზიცია შეჯერებული აქვს, თუმცა როგორ გაიწერება ეს კანონში, ეს უკვე საქმის იურიდიული ნაწილია.
ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ შესაძლებელია ამ კუთხით კონსტიტუციაში ჩანაწერი გაკეთდეს. მინისტრი აქვე აღნიშნავს, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის ტოტალური აკრძალვა არ უნდა მოხდეს. ეს განცხადება ლევან დავითაშვილმა ყვარელში გააკეთა, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროექტებთან დაკავშირებით სემინარი მიმდინარეობს.
მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მიწის უცხოელებზე გასხვისებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებს.