„რაც ასაკი მემატება, მით უფრო მექაჩება მთა", - ამის შესახებ მსახიობმა მიშა გომიაშვილმა „კვირის პალიტრასთან" განაცხადა და აღნიშნა, რომ ყაზბეგში მისი ფესვებია.
„ხომ თბილისელი ვარ, ვერაზე დაბადებული, გაზრდილი, მაგრამ როცა ყაზბეგზე იწყება ლაპარაკი, სხვა ეზოში გადარგული ხესავით ვგრძნობ თავს, ჩემი ფესვები იქაა. მყინვარწვერს რომ ვუყურებ, ასე მგონია, მთელი მსოფლიო ჩემია. გერგეტს რომ ვხედავ, ყველაზე ძლიერი მაშინ ვარ. ჩემი დიდი პაპა, ქოთია, იცით, როგორ გარდაიცვალა? დილას ადგა, დაიბანა, თეთრები ჩაიცვა, საწოლი ისე დადგა ფანჯარასთან, რომ გერგეტსა და მყინვარწვერს გაჰყურებდა, დაწვა, დაიძინა და აღარ გაიღვიძა. მეც ასე მინდა - გერგეტს ვუყურო და ისე წავიდე ამქვეყნიდან", - განაცხადა გომიაშვილმა.