სსსტც „დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, 20 მაისს კახეთის ექვს რაიონში, 3714 კმ2 ფართობის მქონე ფრონტალურ სეტყვასაშიშ ღრუბლის მასებზე აქტიური ზემოქმედება მოახდინა, რისთვისაც 230 ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი.
„სისტემის მართვის ცენტრის მიერ დღის 11:00 საათიდან კახეთის რეგიონში დიდი ფართობის მქონე ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლა დაფიქსირდა. ღრუბელმა მოიცვა ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარელის, სიღნაღისა და ლაგოდეხის რაიონები.
მეტეოროლოგიური რადიოლოკატორიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, სეტყვის მოსვლის ალბათობა 100% იყო, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 40-50 მმ. პროცესებს თან დაერთო ადგილობრივად შიდამასიური ღრუბლის მასების ფორმირებაც, რაც სეტყვასაშიში პროცესების დამატებით გაძლიერების წინაპირობაა.
20:41 სთ-მდე 70 ერთეულ სეტყვასაშიში ღრუბლის კერაზე სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა.
რაკეტების სროლები მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში განხორციელდა. გაუარესებული ამინდის გამო საჰაერო სივრცე საფრენი აპარატებით იყო გადატვირთული, რაც რაკეტების დროულად გასროლის შემაფერხებელი ფაქტორია.
აქტიური ზემოქმედების შედეგად რეგიონში შემოსული სეტყვასაშიში ნალექის არსებულ მასშტაბებში ლოკალიზება მოხდა და მისი შემდგომი გაძლიერების თავიდან აცილება.
ნალექის მასა აღნიშნულ ექვს რაიონში წვიმის და ნაწილობრივ სეტყვის სახით ჩამოიცალა", - ნათქვამია „დელტას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.