logo_geo
eng_logo
ვინ არის ბეჟან ფარცვანია და რა კავშირი აქვს მას „ფოტოგრაფების საქმესთან“
- +

21 მაისი. 2017. 17:25



თბილისის საქალაქო სასამართლოში ფოტოგრაფების გახმაურებული საქმის განხილვა გრძელდება. განსასჯელის სკამზე კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით დევნოზაშვილი ზის, რომელსაც გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, ისევე, როგორც საერთაშორისო ძებნაში მყოფ გლდანის #8 საპყრობილის ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს.


პროკურატურის ინფორმაციით, დევნოზაშვილი და მუხაძე 2011 წელს დაკავებულ ფოტორეპორტიორებს არარსებულ ჯაშუშობის აღიარებას მუქარის, ზეწოლისა და შანტაჟის გზით სთხოვდნენ. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურა ცალკე წარმოებად აგრძელებს გამოძიებას დანაშაულში ჩართული სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების გამოსავლენად. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ფოტოგრაფების საქმე მხოლოდ დევნოზაშვილის გასამართლებით არ ამოიწუროს. დაზარალებულმა ფოტოგრაფებმა სასამართლოში დაკითხვის დროს კონტრდაზვერვის კიდევ რამდენიმე ყოფილ თანამშრომელზე მიუთითეს.


პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე აქტიურად აშუქებდნენ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის დროს მომიტინგეების დარბევასა და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს, რასთან დაკავშირებითაც, მათ მიერ გადაღებულმა ფოტოებმა მსოფლიოს წამყვან პრესსააგენტოებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახებოდა იმდროინდელი ხელისუფლების რეიტინგზე.


ანგარიშსწორების მიზნით, 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე.


გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდების თანახმად, 2004 წელს ზურაბ ქურციკიძე მოსკოვში სამსახურეობრივი მივლინებების დროს გასამრჯელოს დაპირების საფუძველზე კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის გადაბირებულ იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიერ. მათი ორგანიზებით ქურციკიძე სისტემატურად უგზავნიდა ევროპის პრესსააგენტოების თანამშრომლებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფოტოებსა და მასალებს, რომელსაც იგი აბდალაძისა და გედენიძისგან მოიპოვებდა. მათ დახმარებას უწევდა გედენიძის მეუღლე ნათია გედენიძე.


აბდალაძის თქმით, მასზე ზეწოლას კიდევ ერთი ადამიანი ახდენდა, რომელიც ამჟამად „დინამოს" ბაზის დაცვის სამსახურში მუშაობს. გედენიძე კი აღნიშნავს, რომ მას შეუძლია ამოიცნოს დევნოზაშვილთან ერთად მოქმედი პიროვნება, რომელსაც ოქროს ჯაჭვი ეკეთა.


გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება ბეჟან ფარცვანიაა. ის საფეხბურთო კლუბ „დინამოს" მფლობელის, ბიზნესმენ რომან ფიფიას ახლო ნათესავია. „დინამო თბილისში" ადასტურებენ, რომ ფარცვანია კლუბის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობს. ის ასევე გახლავთ ჯანდაცვის მისისტრის ყოფილი მოადგილის, ვალერი კვარაცხელიას დისშვილი და წალენჯიხის გამგებლის, ბესიკ ფარცვანიას ძმა.


თავის დროზე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული და ამჟამად უკვე დაზარალებულის სტატუსის მქონე ფოტოგრაფები ამბობენ, რომ მათ ოჯახის წევრებით ემუქრებოდნენ.


„დავით დევნოზაშვილი დამემუქრა, ვიცით, შენი შვილი კომაროვის სკოლაში სწავლობს და შეიძლება ერთ დღეს სკოლიდან გამოსულს ქუჩაში მანქანა დაეჯახოსო.

 

ფარცვანია 24 საათი დევნოზაშვილთან ერთად იყო და ჩვენზე „მუშაობდა", - განაცხადა აბდალაძემ.

 

ფოტოგრაფმა დაკითხვის დროს კიდევ ერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება.


„მომთხოვეს ეკა ბესელიას აცილება. მე ეს გავაკეთე, მაგრამ ეკა ბესელიამ ჩემს ჩვენებას წარწერა გაუკეთა, რომ არ ეთანხმებოდა ჩემს მიერ წარმოთქულ ცრუ ჩვენებას და სწორედ ეს დეტალია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი. ეკა ბესელია მოწმის სახით წარდგება სასამართლოზე.

 

მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი არიან ჩვენი დასჯის შემკვეთები", - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

 

აღნიშნულ საქმეზე საუბრობს ირაკლი გედენიძე. მისი თქმით, იყო აშკარა მუქარა დევნოზაშვილის მხრიდან. მან ასევე გაიხსენა საუბარი ირმა ნადირაშვილთან.


„დევნოზაშვილმა მკითხა, შენი შვილი დოლიძესე სწავლობსო? რამე არ შეემთხვეს სკოლიდან გამოსულს, გზაზე გადასვლისას მანქანა არ დაეჯახოსო. ითხოვდნენ, ის პირები გამეხსენებინა, ვისთანაც ჯაშუშური ურთიერთობა მქონდა. მე ვერ ვიხსენებდი, რადგან ასეთი ურთიერთობა არ მქონია.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფოტოგრაფად მუშაობისას დატოვებული მქონდა ნივთები. დავურეკე ირმა ნადირაშვილს და მიპასუხა, აბა რა გეგონა, აქციაზე რომ დაეთრეოდიო", - აცხადებს გედენიძე.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner