logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ვინ შეაჩერა ქართული მიწების გაყიდვა?! - „ქართულმა ოცნებამ“!
- +

22 მაისი. 2017. 21:19



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას მიმდინარე თემები განიხილა, განსაკუთრებული აქცენტი კი საონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის პროცესზე გააკეთა.


როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, აუცილებელია ხალხის ჩართულობა, რათა ჩამოყალიბდეს კონსტიტუცია, რომელიც მორგებული იქნება ქვეყანას და არა კონკრეტულად რომელიმე პარტიასა თუ პირს.

 

 

- ბატონო დიმიტრი, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის პროცესს როგორ შეაფასებთ?


- თქვენ იცით, რომ პირველი ეტაპი დასრულდა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ინტერესი მაღალი იყო, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, განხილვების მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ზოგადად, მმართველი გუნდის სურვილია, საზოგადოების წინაშე ყველა დეტალი იქნას განხილული, ჩვენც უნდა მოვისმინოთ მოსახლეობის შენიშვნები, სწორედ ამიტომ გაგრძელდა განხილვები. ვფიქრობ, მოსახლეობის ამგვარი ჩართულობა სასარგებლო იქნება, რათა მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც გაუძლებს დროს და რომელიც არ იქნება ვინმეზე მორგებული.



- თბილისში ჩაშლილ განხილვაზე რას იტყვით?


- თბილისში ჩაშლილი შეხვედრა ჭარბი ემოციების შედეგია. უკმაყოფილება ჰქონდა ერთ ჯგუფს, რომელიც მმართველ გუნდს აბრალებდა, რომ ჩვენ ქართული მიწების გაყიდვას ვაპირებდით. მინდა, დავსვა კითხვა, ვინ შეაჩერა ქართული მიწების გაყიდვა? შემიძლია შეგახსენოთ, რომ 2013 წელს ქართული მიწების გაყიდვა სწორედ მერვე მოწვევის პარლამენტმა, ანუ „ქართული ოცნების" გუნდმა შეაჩერა. დღეს კი ტალახი ისევ იმ გუნდს ხვდება, რომელმაც ქართული მიწები უცხოელებზე გასხვისებისგან დაიცვა.


მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში უნდა გაკეთდეს მკვეთრი ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოელებზე ქართული მიწების გასხვისება შეიზღუდოს. მიწა მარტო ეკონომიკური ეფექტის მომტანი არაა. ესაა სულიერი, კულტურული, რელიგიური, პოლიტიკური, ეკოლოგიური ფენომენი, ამიტომ მისი ცალმხრივ ჭრილში განხილვა არ არის სწორი. მართალია, უცხოელებს უნდა მივცეთ საშუალება ინვესტიციების შემოტანისა, თუმცა, არა ხელაღებით. ეს განწყობა არის გუნდშიც, არაერთი დეპუტატი მხარს უჭერს იმას, რომ კონსტიტუციაში მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით ჩანაწერი გაკეთდეს. 



- საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის პროცესზე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებითაც იყო განსხვავებული აზრი...


- ჩვენი ოპონენტები პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ სწორედ ამ საკითხზე, თუმცა მიკვირს, რატომ მხოლოდ ამ კუთხით. საერთოდ, თუ საკითხს ისე დავაყენებთ და საზოგადოებამდე ისე მივიტანთ, როგორც საჭიროა, პლებისციტის ჩატარება არ იქნება საჭირო. ანუ, შესაძლებელია, საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც გათვითცნობიერებული არ არის, თქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა იღებდეს მოსახლეობა მონაწილეობას, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტს უფლებები შეზღუდული აქვს.

 

 

- ვენეციის კომისიისგან დაახლოებით რა კუთხით ელოდებით შენიშვნებს?


- ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ვენეციის კომისიის შენიშვნებს. მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებაში არის შეხედულება,  თითქოს კონსტიტუცია უკვე მიღებულია, მასში შესწორებები აღარ შევა და ქვეყნის მთავარ დოკუმენტს საბოლოოდ აქვს ბეჭედი დარტყმული, ეს მცდარი შეხედულებაა. საზოგადოების მხრიდან ასეთი ჩართულობა სწორედ იმიტომ არის საჭირო, რომ მათი შენიშვნები გათვალისწინებულ იქნას, ისევე როგორც ვენეციის კომისიის, თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი.  


 

- როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის ჩართულობას საყოველთაო განხილვის პროცესში? შედარებით გვიან ჩაერთო გიორგი მარგველაშვილი...


- პრეზიდენტი სამუშაო ფორმატში უნდა ჩართულიყო, ეს შეთავაზება მმართველი გუნდისგან მას ჰქონდა. თუმცა მარგველაშვილმა უარი განაცხადა და ჩემთვის გაუგებარი პარალელური პროცესები დაიწყო, რომელიც მისი მხრიდან წინასაარჩევო მარათონის დაწყებას ჰგავდა. მოკლედ, პრეზიდენტი განხილვების პროცესს დაგვიანებით შემოურთდა, თუმცა, არ ემსახურება იმ მიზანს, რომ ქვეყანაში ისეთი კონსტიტუცია მივიღოთ, რომელიც წაადგება საქართველოს და რა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას


- ბატონო დიმიტრი, თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება...



- პოლიტიკურმა წრეებმა არა მარტო საზოგადოების არჩევნებში ჩართულობაზე უნდა იმუშაონ, არამედ საზოგადოებაში პასუხისმგებლობის ამაღლებაზე, განსაკუთრებით სამუშაო კი მმართველ გუნდს გვაქვს.


ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ხდება ხოლმე, როდესაც ფული აჩენს პოლიტიკურ ამბიციებს, მსგავსი არაერთი შემთხვევა ყოფილა. საზოგადოებაში კი ინტერესი იმ კანდიდატის მიმართაა, რომელსაც მაღალი შემოსავალი აქვს. ეს არასწორია და ამ სტანდარტისაგან უნდა გავთავისუფლდეთ.


თუკი არჩევნებში ფინანსებით შეგიძლია, დეპუტატის მანდატი მოიპოვო ან გახდე მერი, გამგებელი - ეს არასწორია, ქვეყანა ასე ქარვასლას დაემსგავსება. თუ ამ ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია, დახლზე ჩვენ ქვეყნის მთავარ ღირებულებებს ვდებთ, რომელსაც ყველაზე ნაკლები ფასი ექნება. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ მისი გადაწყვეტილების უკან დგას ქვეყნის მომავალი.



- რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა, თქვენი აზრით, ეს რუსეთის მხრიდან დონალდ ტრამპისა და გიორგი კვრიკაშვილის შეხვედრაზე პასუხი ხომ არაა?

 

- ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა, რომელიც აქტუალობას არ დაკარგავს მანამდე, სანამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება აღდგენილი. რაც შეეხება შეთანხმებას რუსეთისა და აფხაზეთის შს ორგანოებს შორის, საკმაოდ რთული პროცესია.  რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შეთანხმება ოკუპირებული აფხაზეთისა თუ სამხრეთ ოსეთის მთავრობასთან - არალეგიტიმურია და საერთაშორისო სტანდარტებს სცდება.  საერთაშორისო თანამეგობრობის განაცხადი არის ერთმნიშვნელოვნად მკაფიო და მყარი. გადახედვას არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული.


ასევე, მინდა გითხრათ, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, როდესაც ძალიან მოკლე ხანში აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები და თვით პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ და გაკეთდა მკვეთრი, მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი გზავნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით. ეს გახლავთ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმ კუთხით, რომ ეს პრობლემა საერთაშორისო სტანდარტებისა  და თანამეგობრობის ჩართულობით მოგვარდეს. ამერიკა, რა თქმა უნდა, არის სტრატეგიული პარტნიორი და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. აქტიურად იღვწის ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისა და NATO-ში გაწევრიანებისკენ.


ამერიკის მხრიდან ეს იყო უმნიშვნელოვანესი გზავნილი. შედგა მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც ქვეყნის პერსპექტივას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს.



- 23 მაისს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდიმირის საქართველოში ვიზიტია დაგეგმილი, რა მოლოდინი გაქვთ?


- რა თქმა უნდა, ასეთი მაღალი დონის შეხვედრები თურქეთთან ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ალბათობით, განიხილება მნიშვნელოვანი პრობლემები და სხვადასხვა საკითხის ასე ფართო ჭრილში განხილვა სასარგებლო იქნება როგორც ჩვენთვის, ისე თურქეთისთვის. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner