ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარი მომხდარი ტერაქტის შედეგად 22 ადამიანია დაღუპული, ამის შესახებ ინფორმაციას მანჩესტერის პოლიციის ხელმძღვანელი იან ჰოპკინსი ავრცელებს.
ჰოპკინსის განცხადებით, თავდამსხმელი არენაზე გარდაიცვალა.
„მე შემიძლია დავადასტურო, რომ თავდამსხმელი არენაზე დაიღუპა. ჩვენი მოსაზრებით, თავდამსხმელს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა თან, რომელიც აამოქმედა", - განაცხადა იან ჰოპკინსმა.
დაღუპულების გარდა, ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველებისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. ქალაქის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.
შეგახსენებთ, რომ სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში მოხდა.