აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქალაქ მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
„ამდენი ახალგაზრდა, ლამაზი და უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვინც ეს ჩაიდინა, მათ მონსტრებს არ ვუწოდებ, ვინაიდან მათ სურთ, ასე რომ დაუძახონ, ფიქრობენ, რომ ეს მათთვის დიადი სახელია. მე მათ „ლუზერებს" ვუწოდებ.
მსგავს სისხლისღვრებთან დაკავშირებით საზოგადოებაში შემწყნარებლობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ბოროტების იდეოლოგია სრულად უნდა აღმოიფხვრას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ინგლისის ქალაქ მანჩესტერში „მანჩესტერ არენაზე" მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავებულია. სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.