ავტორი სალომე უერთაშვილი
„ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი ახორციელებს", - ასე შეაფასა „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ შეთანხმება.
როგორც მჟავანაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, აუცილებელია მოსკოვთან მოლაპარაკებები.
„ეს არის მცოცავი ანექსიის გაგრძელება. თუკი გარკვეული ნაბიჯი არ გადავდგით, მივიღებთ, რომ აფხაზეთი შეურთდება რუსეთის ფედერაციას. ჩვენ უნდა გადავდგათ რაღაც ნაბიჯები. ზოგადად, ჩვენ ველოდებით, რომ ვიღაცა ჩვენ მაგივრად რაღაცას გააკეთებს, გვგონია, რომ ისევ საბჭოთა კავშირში ვართ და ყველაფერს მოსკოვი გადაწყვეტს, ეს ასე არ არის. ჩვენ თავს ჩვენ უნდა მივხედოთ. არავინ ჩვენს გამო თავს არ მოიკლავს. მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სიტუაცია არის უცვლელი. ნელ-ნელა მსოფლიოც ეგუება, რომ ეს რეგიონები დამოუკიდებელია. ჩვენ თუ მსოფლიოს არ დავანახეთ, რომ ეს ტერიტორიებია ჩვენია, თვითონ ისინი უკვე არაფერს აკეთებენ. როდესაც ტერიტორია გაქვს ოკუპირებული, ელემენტარულად დაბრუნების მცდელობები უნდა გქონდეს. ჩვენ აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით რაიმე ქმედითი ნაბიჯი თუ არ გადავდგით, არაფერი გამოვა. აუცილებელია ორმხრივი ურთიერთობები, რუსეთთან მოლაპარაკება. ამას ვიძახი რამდენი ხანია, თუმცა, ჩვენთან ხომ ყველა ის ადამიანი, ვინც იტყვის, რომ რუსეთთან მოლაპარაკება აუცილებელია, კრემლის აგენტად ითვლება? - არ არის ეს ასე! ვერ გავიგენ რა ლოგიკაა ამაში? გასაგებია, რომ ამერიკამ ჩვენთან მიმართებით კარგი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ჩვენ, ასევე, ურთიერთობა უნდა გვქონდეს ოკუპანტთან. ოკუპირებული ტერიტორიების გასაღები არის მოსკოვში! ხელისუფლებამ ამ მცოცავ ანექსიას მოსკოვთან პირდაპირი დიალოგით უნდა უპასუხოს.
არავინ ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს", - აცხადებს მჟავანაძე.