23 მაისს ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვები თბილისს ესტუმრნენ. 60-მდე მოსწავლე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში სპეციალურად ღია კარის დღესთან დაკავშირებით მოიწვიეს.
ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა საპატრიარქოს ტელევიზიის სააქტო დარბაზში კონცერტი გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა, ანსამბლ ,,რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, ფოლკლორის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ჭკუასელი და მომღერალი, ლოტბარი ტრისტან სიხარულიძე.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით 2015 წლიდან ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები. უკვე ფუნქციონირებს 17 სალოტბარო სკოლა (წალენჯიხა, თელავი, ფოთი, ამბროლაური, ოზურგეთი, ლენტეხი, მესტია, ბორჯომი, თეთრიწყარო, ზესტაფონი, ყვარელი, ონი, ბაღდათი, დუშეთი, კასპი, გორი, ახალქალაქი), რომელშიც 700-მდე ბავშვი უფასოდ სწავლობს ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.