საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო „რედისონში" მიმდინარე სახალხო დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა, რომ სამყაროში გააქტიურდა დაძაბულობის მრავალი კერა.
„ეს არის ჰიბრიდული ომის ფორმები, ეს არის დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში, ის ტერორისტული აქტები, რომლებიც ძალიან ხშირად გვაძრწუნებს და შოკისმომგვრელია. ეს არის დაძაბულობა ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვსაუბრობთ ვითარებაში, როდესაც ძალიან მკაფიოდ, სულ რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში, მსოფლიო თანამეგობრობის უმრავლესობა შეთანხმდა იმაზე, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს კოორდინირებული",- განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა NATO-ს შესახებ, მისი თქმით, ალიანსს გააჩნია მეტი შესაძლებლობები, რომ უფრო მეტი სტაბილურობა და სიმშვიდე შემოიტანოს.
„საქართველოს არ დაუკლია არასდროს ძალისხმევა გლობალური სტაბილურობისთვის. ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ არავითარი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, არ არსებობს. ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მომავალს ევროკავშირში, ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ NATO-ს, როგორც უსაფრთხოების იმ ქოლგას, რომელშიც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, გავერთიანდებით და რომელსაც ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენი თანამონაწილეობით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს მოუტანს ქვეყნებს როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე გლობალურად. არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მუდმივ კოორდინაციაში და კონსულტაციაში ვართ საქართველის მთავრობასთან და ჩვენს საერთაშორისო მისიებთან. არ ვაკლებთ ძალიხმევას იმას, რომ საქართველომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეგიონში ვითარების დეესკალაციას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.