ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ საგანგებო სამთავრობო კომიტეტის COBRA-ს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე „სერიოზულიდან" „კრიტიკულამდე" გაზარდეს.
„მიმდინარე გამოძიების საფუძველზე ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტერორისტული საფრთხის დონე „სერიოზულიდან" „კრიტიკულამდე" უნდა გაიზარდოს.
ქვეყანაში ახალი ტერაქტი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. ეს შეფასება არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ახალი თავდასხმა ძალიან სავარაუდოა, არამედ იმასაც, რომ შემდეგი თავდასხმა გარდაუვალია", - განაცხადა ტერეზა მეიმ.
მისივე თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც გამოძიებამ არ გამორიცხა, რომ მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის უკან შეიძლება გარკვეული ჯგუფი იდგეს.