logo_geo
eng_logo
როსინის ქალაქში „მომავლის ვარსკვლავები“ კონცერტებს გამართავენ როსინის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად
- +

24 მაისი. 2017. 15:05



13-17 მაისს იტალიის ქ. პეზაროში ჩატარდა „საქართველოს ხელოვანთა კავშირის" და რენატა ტებალდის &  მარიო დელ მონაკოს სახელობის საოპერო ხელოვნების საერთაშორისო აკადემიის ერთობლივი საერთაშორისო პროექტის - „მომავლის ვარსკვლავების" მე-6 საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მიეძღვნა სახელგანთქმული მაესტრო მარიო მელანის დაბადებიდან 100 წლის  და პროექტის „მომავლის ვარსკვლავების" დაარსებიდან  10 წლის საიუბილეო თარიღს. საქართველოსა და იტალიას შორის გაფორმდა მემორანდუმი კულტურული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გულსხმობს გაცვლით საფესტივალო პროექტებსა და  მასტერ-კლასებს ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის. კლასიკური მუსიკის კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ საფორტეპიანო, ჩასაბერი, სიმებიანი, საორკესტრო და ვოკალური განყოფილების კონკურსანტები საქართველოდან, იტალიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, კორეიდან, ლატვიიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში.


პროქტის ფარგლებში 17-18 მაისს,  ქ. პეზაროში, ქალაქის ხელმძღვანელობის ოფიციალური მოწვევით შედგა საქართველოს ელჩის, კახა სიხარულიძის ვიზიტი. პეზაროს ვიცე მერთან, დანიელე ვიმინისთან და ქალაქის საბჭოს წევრებთან გამართულ შეხვდრაზე საუბარი შეეხო პეზაროსა და საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის დაძმობილების საკითხს, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, როსინის გარდაცვალებიდან 150 წლის აღსანიშნავი კვირეულის ჩატარებას საქართველოში და თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს. ჯოაკინო როსინის დაბადების ქალაქში ქართველების ოფიციალური მოწვევის მიზანი  ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან კიდევ ერთი დასტური იყო იმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერისა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „მომავლის ვარსკვლავების" საზეიმო გალა-კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია ქალაქის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა 17 მაისს პეზაროს თეატრში, რომელსაც დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში კახა სიხარულიძე და ქალაქის ვიცე მერი დანიელე ვიმინი. გალა-კონცერტი, რომელშიც  უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, არაერთმა ნიჭიერმა ქართველმა შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა, როსინის  ქალაქის კულტურული ცხოვრების ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად იქცა. საქართველოს ელჩმა, ქალაქის ხელმძღვანელებთან და  ჟიურის სხვა გამოჩენილ წევრებთან ერთად, დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.


პროექტის ფარგლებში ქართული დელეგაცია 13 მაისს საგანგებოდ მიწვეულ იქნა მსოფლიო საორღანო დღეების ფესტივალზე, სადაც ეუჯენია მარია ფაჯანის მიერ იორდანიის, ისრაელის, პალესტინის, სირიის, რუსეთის, ბელორუსიის, აშშ-ს, კანადის და იაპონიის წარმატებული საგასტროლო ტურნეების შემდეგ ამჯერად უკვე იტალიაში, 1906 წლის უნიკალურ ორღანზე შესრულებული იქნა ბახის, ჰენდელის და სხვა კლასიკოსთა ნაწარმოებები. ვირტუოზი ორღანისტი ამჟამად  ვერდის სახელობის მილანის სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობს, რომელთან ერთადაც წარსდგა ლონდონის ალბერტის სახ. სამეფო დარბაზში.


ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოს ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარე, მუსიკოსი  ნინო კუპატაძე, „რენატა ტებალტისა და მარიო დელ მონაკოს საოპერო ხელოვნების საერთაშორისო აკადემიის" ხელმძღვანელი, ცნობილი სოპრანო  ნინო ლეჟავა, საქართველოს დამსახურებული არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, პარიზის მარგარიტა ლონგის და ჟაკ ტიბოს სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი,  პიანისტი  ნინო ქათამაძე, როსინის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის პიანისტი და უცვლელი აკომპანიატორი პაოლა მარიოტტი, სპივაკოვის სტიპენდიანტი, საქარველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სოლისტი, კონცერტმეისტერი შოთა გოგოძე, როსინის სახელობის სიმფონიური ორკესტრის გენერალური დირექტორი  ბრუნო მარონა, პიანისტი და  ცნობილი იმპრესარიო, ლიხტენშტეინის მუსიკოსთა  ფონდის  დამფუძნებელი  ჟან ლემორი, როსინის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი იმპრესარიო  ერნესტო პალაციო, თეირანის კონსერვატორიის პროფესორი, პიანისტი  თამარ დოლიძე და  იტალიის „სახელმწიფო კონცერტის" პრეზიდენტი, როსინის სახელმწიფო კონსერვატორიის ორკესტრის ხელმძღვანელი  ფედერიკო მონდელჩი.  დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ელჩი კახა სიხარულიძე, პეზაროს ვიცე მერი დანიელე ვიმინი, მსოფლიოს საორღანო ფესტივალის პრეზიდენტი ჯოვანნა მარია ჯორდანო, პეზაროს საკონცერტო გაერთიანების პრეზიდენტი გუიდო უმბერტო კიოჩი, როსინის ფესტივალის პრეზიდენტი ჯან ფრანკო მარიოტტი, ოპერა პესაროს პრეზიდენტი კლაუდია ფარინა, აკადემიის პრეზიდენტი ლეონარდო კიოჩი და სხვები. 


 გაიცა შემდეგი პრიზები : ოპერა პესაროს სპეციალური პრიზი,  მარიო მელანის სახელობის სპეციალური პრიზი ორკვირიანი უფასო მასტერ-კლასები, 1 წლიანი უფასო სწავლება  აკადემიის საკონცერტმეისტერო კლასში, აკადემიის სპეციალური პრიზი - კონცერტები იტალიის ქალაქებში , როსინის სიმფონიური ორკესტრის სპეციალური პრიზი - კონცერტები  ორკესტრის შემადგენლობაში, ასევე ექსკლუზიური სახელობითი ჯილდოები, ფულადი პრემიები და კონცერტები ხელოვანთა კავშირის ბათუმის საფესტივალო კვირეულში.  იტალიის „მომავლის ვარსკვლავების" პრიზიორები, როსინის სახელმწიფო კონსერვატორიის საქსოფონისტთა ორკესტრთან ერთად, სრული საფესტივალო პროგრამით  ნოემბერში ბათუმში ეწვევიან ქართველ მსმენელს. 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner