ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში ვერ მოახდენს საქართველოს მოქალაქის გელა მიქაძის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, კონსტიტუციის მე-13 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„საქართველოს პროკურატურა მზად არის, სისხლის სამართლის სფეროში საერაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში დანაშაულთან ბრძოლის კუთხით დახმარება აღმოუჩინოს ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის საკითხს, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა დაუშვებელია გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში, ვერ მოახდენს საქართველოს მოქალაქის გელა მიქაძის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებას, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობრივი კუთვნილება წარმოადგენს ექსტრადიციის შემაფერხებელ გარემოებას", - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.
საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან" გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.