„რაც პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, მათ შორის ის ფაქტიც, რომ კალაძე სამართალდამცველების მიერ არის გამოკითხული, სწორია. აქვე გიდასტურებთ, რომ ინციდენტის ამსახველი ვიდეო მან ატვირთა სოციალურ ქსელში", - განუცხადა „პირველს" ადვოკატმა.
გიორგი კალაძის ადვოკატმა ცოტნე ცანავამ „პირველ პრესკლუბში" ისაუბრა 2016 წლის 24 დეკემბერს კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში" მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრების შესახებ, რომლის ფიგურანტი ლაშა თორდიაა, რომელიც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა თორდია-ფარცხალაძის კონფლიქტის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ ამოიცნო.
ადვოკატის თქმით, გიორგი კალაძის მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ინციდენტის გამოკვლევა და დადგეს შესაბამისი სამართლებრივი შედეგი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „პ.ა.მ კლუბის" ბარში დ.გ.-ს უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა და დაემუქრა. გამოძიების დაწყებისთანავე, მოწმის სახით გამოკითხული ბარის თანამშრომლების: 2016 წლის 24 დეკემბერს გამოკითხული - დ.გ-ს, ხოლო 26 დეკემბერს გამოკითხული ლ.ა.-ს და ჯ.დ.-ს ჩვენებებით, მათთვის უცნობი მამაკაცი ბარში მუსიკისთვის ხმის არ აწევის გამო იარაღით ხელში თავს დაესხა დ.გ.-ს და იარაღი სახის არეში რამდენჯერმე დაუმიზნა. აღნიშნული პირი ძლიერ ნასვამი იყო და სიტუაციის განმუხტვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მისი თანხმლები პირის ჩარევის შედეგად. მოწმეების ჩვენებით, ხსენებული მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა და მისი მხრიდან დ.გ-ზე განხორციელებულმა თავდასხმამ მათში მუქარის განხორციელების რეალური შიში გამოიწვია. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა თ.ბ.-მ და გ.კ.-მ დაადასტურეს ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები.