ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირს და აშშ-ს რუსეთთან მიმართებაში ერთიანი პოზიცია არ აქვთ.
„არ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ასი პროცენტით საერთო პოზიცია გვაქვს რუსეთთან მიმართებაში. თუმცა, რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, როგორც ჩანს, ჩვენ ერთ პოზიციაზე ვდგავართ", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მისივე თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების, ვაჭრობისა და კლიმატის ცვლილების საკითხები.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, დღეს პირველად მიიღებს მონაწილეობას NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე.