ნინო კუზანოვა კლინიკა „ლანცეტში" გარდაცვლილი პაციენტის ოჯახს ცილისწამებაში ადანაშაულებს და მათ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. ამის შესახებ 1tv.ge ავრცელებს ინფორმაციას.
ნინო კუზანოვას განცხადებით, ღვიძლის გადანერგვისთვის საჭირო პროცესებში არ მონაწილეობდა და მომხდარის გამო, არც მორალურ და არც იურიდიულ პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ამასთან, კუზანოვა აცხადებს, რომ ის ოპერაციის წინააღმდეგი იყო.
„მათ მიმართ არანაირ, არც მორალურ და არც იურიდიულ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ, რადგანაც მე უარი განვაცხადე, უფრო სწორად, უარი განმაცხადებინეს ნებისმიერ პასუხისმგებლობაზე. ბატონმა ფარსმანმა ხმამაღლა დააფიქსირა, რომ მას ხელს ვუშლიდი, ანუ თავისი პირით აღიარა, რომ ჩვენს შორის იყო ძალიან სერიოზული დაპირისპირება ამ ოპერაციასთან მიმართებაში. ჩვენი დამოკიდებულება იყო რადიკალურად განსხვავებული. წინააღმდეგი ვიყავი, რომ ჩატარებულიყო ღვიძლის ტრანსპლანტაცია", - განაცხადა ნინო კუზანოვამ.
კლინიკა „ლანცეტში" ღვიძლის გადანერგვის სულ 2 ოპერაცია 2016 წლის მარტში ჩატარდა. ორივე ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა, ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე გარდაიცვალნენ. პროკურატურამ დაზარალებულად მათი მეუღლეები ცნო. ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახი ნინო კუზანოვას დასჯასაც მოითხოვს.
ღვიძლის ტრანსპლანტაციის უკანონო ოპერაციების საქმეზე კლინიკა „ლანცეტის" ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი ფარმან ჯეირანლი 22 მაისს დააკავეს. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. 23 მაისს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „ლანცეტის" დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.