logo_geo
eng_logo
ზაზა ხუციშვილი: მიწის გასხვისების საკითხზე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვა ექნება
- +

25 მაისი. 2017. 21:10


 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა „რეპორტიორთან" ინტერვიუში კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვების პროცესი შეაფასა და ბოლო პერიოდში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენებზე იმსჯელა.


- როგორ შეაფასებთ კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვის პროცესს?

 

- მინდა გითხრათ, რომ სახალხო განხილვები უფრო კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდა. როგორც იცით, განხილვების ძირითადი არსი არის ის, რომ კომისიამ საზოგადოების აზრი მოისმინოს და იმის მიხედვით გამოიტანოდასკვნები, თუ რა მოთხოვნები არსებობს. სამწუხაროდ, ოპოზიციის ერთი და იგივე წარმომადგენლები დაჰყვებოდნენ კომისიას და ძირითადად მათი გამოსვლებით გვახსოვს ეს განხილვები, რაც, ჩემი აზრით, არ არის სწორი. რა თქმა უნდა, აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, მაგრამ თუ პოლიტიკოსების ჩართვით ეს გადადის პოლიტიკურ დებატებში და საზოგადოებას აღარ რჩება დრო, დასვას კითხები, არასწორია. იყო ისეთი ფორმატიც, სადაც ოპოზიციონერები ბრძანდებოდნენ და იქ შეეძლოთ შეკითხვები დაესვათ. განხილვები დავუტოვოთ ხალხს, მგონი, უფრო სწორი იქნება. ალბათ, კარგად გვესმის, რომ თითოეული ქალაქის მონახულების შემდეგ გარკეული დასკვნების გაკეთება არ ხდება, ეს ყველაფერი უნდა შეჯამდეს. კიდევ ერთხელ ვთანხმდებით, რომ არის ოთხი ძირითადი საკითხი, რომელიც საზოგადოებაში შეკითხვებს იწვევს. ეს არის - პრეზიდენტის არჩევის წესი, გაუნაწილებელი მანდატები, მიწის გასხვისება და გადასახადების რეფერენდუმი. ეს არის ის საკითხები, რაც საზოგადოებას აწუხებს. ვენეციის კომისიისგანაც, ვფიქრობთ, რომ გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით შესაძლოა შენიშვნები იყოს, მაგრამ არ მგონია, რომ შეიძლება შენიშვნები ჰქონდეთ პრეზიდენტის არჩევის წესზე. გერმანიაში 2-დღიანი მუშაობის შემდეგ პოზიტიურად არის შეფასებული ახალი ვარიანტი, თუმცა, კონსენსუსისა და საერთო ენის გამონახვის მოწოდება იყო, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. მთლიანობაში, პროცესი მიდის კარგად, ველოდებით 16 ივნისს ვენეციის კომისიის დასკვნას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს იყო კონსტიტუციის პროექტი და შენიშვნები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

 

- მიწის გასხვისების საკითხმა ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?

 

- საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვა ექნება ამ მიმართულებით. ჩვენს მიწას განსაკუთრებული სტატუსი ექნება. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ევროკავშირის არცერთი ქვეყნის კონსტიტუციაში პირდაპირ ასეთი ჩანაწერი, რომ მიწის მიყიდვა აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, არ არსებობს. ჩვენი შეთავაზება იყო ასეთი, რომ კონსტიტუციაში არა, მაგრამ კონსტიტუციის მერე ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის და მნიშვნელობის კანონი იყოს საკმაოდ მკაცრი. მოთხოვნაა, რომ ეს პირდაპირ კონსტიტუციაში იყოს ჩაწერილი, რასაც მერწმუნეთ,  მოჰყვება ძალიან დიდი პროტესტი და განხილვა თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოში.  

 

- თურქეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას და შეცვლის თუ არა ეს ჩვენი ქვეყნისთვის რაიმეს?

 

- მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთიანობას პატივს სცემს. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. თურქეთისგან ძალიან ბევრი დახმარება გვახსოვს სხვადასხვა მიმართულებით. ის ჩვენთვის დღემდე რჩება ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად. ჩვენ ღია ეკონომიკის ქვეყანა ვართ და მოგეხსებათ, რომ თურქეთი საქართველოს პირდაპირი მეზობელია. ჩვენი ურთიერთობა გრძელდება ურთიერთპატივისცემის პრინციპით და ასეც გაგრძელდება.

 

- თორდია-ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელიც ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინციდენტს ასახავს, სადაც ფიგურანტი კვლავ თორდიაა. როგორ შეფასებთ ამ საქმეს?

 

- სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული ინსტიტუტი. ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს, პარლამენტში ბევრი შეკითხვა დაისვა, მათ შორის, მეც მაქვს შეკითხვები გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით. ვერ ვხვდები ამ ეტაპზე და ძალიან მინდა მოვისმინო განმარტებები პროკურატურისგან, რადგან თუკი ეს მოხდა 6 თვის წინ, რატომ არ მოხდა რეაგირება აქამდე, რატომ არ დაიკითხნენ მოწმეები და თვითონ ინციდენტის მონაწილეები.


- როგორ შეაფასებთ ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას?

 

- 2008 წლის ომამდე რუსეთი არ აღიარებდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ჩვენი საგარეო კურსი რუსეთისთვის არის გამაღიზიანებელი. ჩვენი მისწრაფება  ევროკავშირისკენ და NATO-სკენ კი ბუნებრივია. ამ  ნაბიჯებს, დაწყებული მავთულხლართების გადმოწევით, დამთავრებული ასეთი შეთანხმებების გაფორმებით, რა თქმა უნდა, არავითარი ლეგიტიმაციის არანაირი ხარისხი არ გააჩნია. ეს ქმედებები, მათ შორის, ლავროვის ვიზიტი და ა.შ. დაგმობილია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და ჩვენი ერთადერთი სწორი გზა გვაძლევს იმის ძალიან დიდ იმედს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები ხვდებიან იმ უპირატესობას, თუ რა ძალა აქვს უკვე ევროპაში საქართველოს. ამ კედლის გარღვევა დროის ამბავია, ისე როგორც გაირღვა საბჭოთა კავშირის კედელი.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner