ამ ფოტოზე მსახიობი ცოცხალია. თეთრი კრეპით გაწყობილ, ვარდის ხისგან გაკეთებულ კუბოში ის იძინებდა, სწავლობდა როლებს, იღებდა სტუმრებს, ფოტოგრაფებსა და ... საყვარლებს. ვისაც არ მოსწონდა მასთან კუბოში ჩაწოლა, სარა უყოყმანოდ იცილებდა...
ეს მისი თილისმა იყო, ბავშვობაში დედისგან ნაჩუქარი.
მაშინ ექიმებმა პატარა სარას ტუბერკულოზით ნაადრევი სიკვდილი უწინასწარმეტყველეს, მაშინ ბავშვმა დედა დაიყოლია, ეს კუბო შეეძინათ, რადგან არ უნდოდა, რაიმე სიმახინჯეში ჩაწოლილიყო.
აქედან მოყოლობული „ხის მეგობარი" მისი მუდმივი თანამგზავრი გახდა. თან მიჰქონდა გასტროლებზე, სასტუმროებშიც კი მასში ეძინა. ლეიბის მაგივრობას სასიყვარულო წერილების სქელი დასტა უწევდა.
ნემიროვიჩ-დანჩენკო ამბობდა ბერნარზე:
„ძნელი სათქმელია, რა უფრო ჰქონდა: უზარმაზარი სასცენო ტალანტი თუ საკუთარი დიდების თვითრეკლამის უნარი".
მალზერბის ბულვარზე მის საძინებელს ჩონჩხები ამშვენებდა, ხოლო სახლში ნამდვილი ზოოპარკი ჰქონდა მოწყობილი: ლომები, მაიმუნები, ნიანგები, უიშვიათესი ჯიშის ჩიტები და ათასგვარი შხამიანი რეპტილია, ყოველ წამს შეიძლებოდა შეგხებოდათ.
ალექსანდრე დიუმა იხსენებდა, რომ ბერნართან პირველი ვიზიტისას მისი შლაპა პუმამ შეჭამა, ხოლო ჟილეტის ყველა ღილი თუთიყუშმა ააძრო.
კლეოპატრას როლის თამაშისას, სასიკვდილო სცენაში ტანზე ცოცხალი გველი დასრიალებდა.
მიუხედავად საშინელი დიაგნოზისა, ბერნარმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა.
24 წლისამ ბრწყინვალედ შეასრულა ბიჭის როლი კორნელის „ატილაში", ხოლო 70 წლისამ - ასევე დიდებულად 13 წლის ჯულიეტა ითამაშა.
სცენაზე განასახიერა მამაკაცის 20-მდე როლი, მათ შორის ჰამლეტისაც.
რომ არა მძიმე ტრომბოფლებიტისგან გამოწვეული განგრენა და ფეხის ამპუტაცია, სარა კიდევ დიდხანს იდგებოდა სცენაზე. ხის პროთეზი ბერნარმა ბუხარში შეაგდო, ყავარჯნებზე უარი თქვა, სცენაზე სპეციალურად მისთვის დამზადებული პალანკინით გამოჰყავდათ.
1923 წლის 26 მარტს, მისმა პირადმა ექიმმა ფანჯარა გამოაღო და იქ შეკრებილ ათასობით თაყვანისმცემელს გამოუცხადა: „მადამ სარა ბერნარი გარდაიცვალა".
მეორე დღეს მის კუბოს მთელი ქალაქი მიჰყვებოდა - მალზერბის ბულვარიდან პერ- ლაშეზის სასაფლაომდე.
კუბო იგივე იყო - თეთრი კრეპით გაწყობილი, ვარდის ხის.
სარა ბერნარის უკანასკნელი სურვილი იყო, მისი კუბო ექვს ყველაზე ლამაზ მამაკაც მსახიობს ეტარებინა.
სურვილი შეუსრულეს...
დღეს ფრანგები ამბობენ, რომ მათ ქვეყანაში სამი ღირსშესანიშნაობაა - ტრიუმფალური თაღი, ეიფელის კოშკი და სარა ბერნარი...