„ჩვენთვის ოპოზიციაში გადასვლა წარმოუდგენელია, რადგან ეს ამ ყველაფერთან გამიჯვნას ნიშნავს", - განაცხადა გადაცემა „20/30"-ში კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა.
მისივე თქმით, „ეროვნული ფორუმის" გასვლით, უმრავლესობას პრობლემა არ შეექმნება.
„არ მგონია, კოალიციის სუბიექტებმა, რომლებმაც არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს, „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად საპარლამენტო უმრავლესობის შექმნაზე იფიქრონ და არჩევნებზე გასვლა მათთან პარტნიორობით ისურვონ. ეს მათთვის პოლიტიკურად მომგებიანი არ იქნება", - განაცხადა ძიძიგურმა.
ძიძიგურმა ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება:
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამოუკიდებელი გახდა სასამართლო, რომელიც პროკურატურის კანტორად იყო გადაქცეული. რა თქმა უნდა, ნაკლოვანებები არის, მაგრამ ეტაპობრივად, ამასაც მოევლება. შსს, რომელიც წინა ხელისუფლებამ საფრთხობელად აქცია, დღეს მოქალაქეებს ემსახურება. ჩვენ ამ სტრუქტურის დეპოლიტიზაცია მოვახერხეთ. მნიშვნელოვანი იყო განათლების, ჯანდაცვისა და საარჩევნო სისტემაში განხორციელებული რეფორმები. ჩვენთვის ოპოზიციაში გადასვლა წარმოუდგენელია, რადგან ეს ამ ყველაფერთან გამიჯვნას ნიშნავს", - განაცხადა ძიძიგურმა.