„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია უცხოეთში ქართული ეკლესიებისა და სამრევლოების რიცხვის ზრდა და გაძლიერება, რასაც საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით აუცილებლად შევუწყობთ ხელს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.
კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს იმისათვის, რომ 40 წლის განმავლობაში, განსაკუთრებულ სითბოს უნაწილებდა თითოეულ თანამემამულეს, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.
„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია უცხოეთში ქართული ეკლესიებისა და სამრევლოების რიცხვის ზრდა და გაძლიერება, რასაც საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით აუცილებლად შევუწყობთ ხელს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ თანამემამულეს, რომელმაც წვლილი შეიტანა უცხოეთში ქართული ეკლესია-მონასტრებისთვის უძრავი ქონების შეძენის საქმეში. ამას უდიდესი როლი ენიჭება ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნების მიმართულებით. მინდა, თითოეული ჩვენი თანამემამულის სახელით, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას, იმისთვის, რომ ის მთელი ამ 40 წლის განმავლობაში, განსაკუთრებულ სითბოს უნაწილებდა თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ის სითბო, რომელსაც ისინი იღებენ ჩვენი პატრიარქისგან. დიდი მადლობა ჩვენს პატრიარქს ამ განსაკუთრებული სითბოსთვის და განსაკუთრებული ზრუნვისთვის, რომელსაც ის ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების მიმართ იჩენს.
ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ ინიციატივას, რომლიც დაეხმარება ქართული დიასპორის კონსოლიდაციას, მის ეფექტიან თანამშრომლობას სამშობლოსთან, საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას და საერთაშორისო მხარდაჭერას", - აღნიშნა კვრიკაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, დღეს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სასტუმრო „ბილტმორში" დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" მართავს.