ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, მაღალი თანამდებობის პირები, ვისზეც პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები არსებობს, შესაძლოა უცხო სპეცსამსახურების მართვის ქვეშ მოქცნენ. არეშიძის თქმით, ეს ქვეყნისთვის ნებისმიერ შემთხვევაში დიდ პრობლემად შეიძლება იქცეს. ამის შესახებ არეშიძე „კვირის პალიტრას" ესაუბრა.
„ასეთი ადამიანები, რასაკვირველია, უნდა გაერიდონ ხელისუფლებას, თუმცა კარგი იქნება, თუ ამისკენ პოლიტიკოსები არ მოუწოდებენ ერთმანეთს... დარწმუნებული ვარ, ბევრმა მათგანმა ჯერ არც იცის, რომ ასეთი ჩანაწერები არსებობს მასზე. მართალია, დაგვიანებულია, მაგრამ მაინც აუცილებელი მგონია, გამოაშკარავდნენ და დაისაჯონ ის პირები, ვინც კონკრეტული ადამიანისა და, იმავდროულად, მთელი ქვეყნის ცხოვრებაც ასეთი დიდი საფრთხის ქვეშ დააყენეს ამ ბინძური სისტემის ჩამოყალიბებით. რაც მოხდა (და კიდევ კაცმა არ იცის, რა შეიძლება მოხდეს), არის დარტყმა არა კონკრეტულ პირებზე, არამედ ხელისუფლებაზე, რომელიც ვერ ახერხებს თავისი მოქალაქეების დაცვას", - აცხადებს არეშიძე.