logo_geo
eng_logo
მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა
- +

27 მაისი. 2017. 14:24



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 27 მაისს, აქცია - „ღამე მუზეუმში" მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.


27 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, მუშტაიდის პარკში საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის პროექტის -„მუშტაიდის გაცოცხლებული ისტორიები" გახსნას დაესწრებიან.


პროექტის ფარგლებში მოეწყობა გამოფენები, რომელიც ასახავს კავკასიის კუსტარული კომიტეტისა და მუზეუმის ადრეულ ისტორიას, იმდროინდელ საქმიანობასა და ამავე დროს, იდუმალი ირანელი აყა მირ ფათაჰ მუშტაიდისა და მისი სასახლის ისტორიას, რომლის სახელიც ბაღს ეწოდა. ღონისძიების მანძილზე, გაცოცხლებული პერსონაჟები - მეყვავილეები, კარისკაცები, მეეზოვეები დამთვალიერებელს სხვადასხვა სივრცეებში  შეუძღვებიან; იქვე მოწყობილ სახელოსნოებში ხელოვანები ვიზიტორებს მუზეუმის ექსპონატების შესახებ მოუყვებიან, აჩვენებენ სხვადასხვა სახელოსნოების მუშაობას და ერთად შექმნიან ცალკეულ ნიმუშებს.


მუშტაიდის ბაღის ორსაუკუნოვან ისტორიას გააცოცხლებს ასევე, ევროპული, ქართული და აღმოსავლური მუსიკა.


ამავე დღეს, 21:00 საათზე, მინისტრი და მინისტრის მოადგილე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს ეწვევიან. „მაქმანის ღამე" - ასე ჰქვია აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის პროექტს, რომლის ფარგლებშიც შედგება მუზეუმში დაცული XIX საუკუნის გერმანული მაქმანის კოლექციის ნიმუშების მიხედვით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა და  მაქმანის 13 ნიმუშით ინსპირირებული ობიექტების გამოსახულებების, განათებებისა და სხვა თავშესაქცევი თავგადასავლის წარდგენა.


22:00 საათზე, მიხეილ გიორგაძე და ლევან ხარატიშვილი ს. ჯანაშიას  სახელობის  საქართველოს მუზეუმს ესტუმრებიან, სადაც აქციის - „ღამე მუზეუმში" ფარგლებში, მუზეუმის ეზოში, ვიზუალური  ჩვენებისა და მუსიკალური გაფორმების თანხლებით კოსტიუმირებული პერფორმანსი გაიმართება.


აქციის „ღამე მუზეუმში" ფარგლებში, მონაწილეობას იღებენ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები თბილისისა და რეგიონის მასშტაბით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანების სამი მუზეუმი, რეგიონული მუნიციპალიტეტის მუზეუმები, ქართული სპორტის მუზეუმი, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმი და კერძო მუზეუმი - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.


დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია - ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში" მოხატავენ და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ.


აქციას „ღამე მუზეუმში" - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში" ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 2016 წლის 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს ღამის 1 საათამდე მასპინძლობდა.


ღონისძიებების პროგრამა იხ. შემდეგ ორ ბმულზე:


მუზეუმები თბილისის მასშტაბით - http://www.culture.gov.ge/getattachment/News/%E2%80%8B-game-muzeumshi%E2%80%9D/Modi-Game-Museumshi-2017_TBILISI_GEO-(1).pdf.aspx  


რეგიონების მუზეუმები - http://www.culture.gov.ge/getattachment/News/%E2%80%8B-game-muzeumshi%E2%80%9D/Modi-Game-Museumshi-2017_REGIONEBI_GEO.pdf.aspx


27 მაისს, აქციის „ღამე მუზეუმში", ფარგლებში, მგზავრთა თავისუფალი გადაადგილების მიზნით, თბილისის მერიის ხელშეწყობით, დაწესდა ავტობუსების უფასო სპეციალური მარშრუტები.


აღნიშნული ავტობუსები, აბრით „ღამე მუზეუმში", აქციის ფარგლებში ჩართული მუზეუმების მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, 27 მაისს,  აქციის ფარგლებში, მგზავრთა ავტობუსებით  მომსახურება,  განსაზღვრულ  სამარშრუტო ნომრებზე, 28 მაისის 01:30 საათამდე გახანგრძლივდება.


ინფორმაცია უფასო მარშრუტების განრიგსა და გახანგრძლივებული სამარშრუტო ნომრების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე:


file:///C:/Users/Culture115/Downloads/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.pdf






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner