ვენესუელაში ანტისამთავრობო აქციების მეშვიდე კვირა დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებით დასრულდა. ქვეყნის დედაქალაქ კარაკასში, ოპოზიციის მხარდამჭერების წინააღმდეგ ეროვნული გვარდიის დანაყოფმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ვენესუელაში აქციები უკვე 50 დღეზე მეტია მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, აქციებზე შეტაკებებს 57 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი პოლიციელი და ეროვნული გვარდიის ერთი თანამშრომელი. ოპოზიციური ძალები და მათი მხარდამჭერები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომას ითხოვენ. თავად მადუროს შეფასებით კი, მიმდინარე მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა.