6 აპრილს, ტრადიციად ქცეული ღონისძიებათა სერია „საბიბლიოთეკო კვირეული" საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში არსებულ, ყველა მოქმედ ბიბლიოთეკაში დაიწყება.
ბიბლიოთეკები გამოფენებს, ლიტერატურულ საღამოებსა და წიგნის პრეზენტაციებს უმასპინძლებენ. ღონისძიების ფარგლებში, მწერლებთან, პოლიტიკოსებთან და სხვა საინტრესო პიროვნებებთან, შეხვედრები მოეწყობა. ღონისძიებაზე კონკურსები, სემინარები, დისკუსიები და საქველმოქმედო აქციებიც ჩატარდება.
ბიბლიოთეკარები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და პრობლემების ერთად გადაჭრის გზებს დასახავენ.
კვირეულის დევიზია „საინფორმაციო ტექნოლოგიები - ჩემი ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია!"
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება: წიგნი „პოეტი ბიბლიოთეკარი", რომელიც ბიბლიოთეკარების თხოვნით შეიქმნა. დარბაზში, შემოქმედი მომუშავე პერსონალის გამოფენა გაიხსნება. ღონისძიების დასასრულს კი დაჯილდოება გაიმართება.
წელს, თბილისში, „საბიბლიოთეკო კვირეულის" გახსნის ღონისძიება, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება.
კვირეულის დახურვა, 22 აპრილს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში შედგება, სადაც თემაზე „საინფორმაციო ტექნოლოგიები - ჩემი ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია", პრეზენტაციების კონკურსი მოეწყობა.