თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სწორი პოზიცია უკავია, თუმცა პარალელურად გარკვეულ სამხედრო სამზადისს საჭიროდ მიიჩნევს.
„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე კონფლიქტი საქართველოსთვის საფრთხეების შემცველია. კერძოდ, ლტოლვილთა შემოდინება, საქართველოს სამხედრო ესკალაციაში ჩათრევა",- აცხადებს თევზაძე.
მისი შეფასებით, საქართველოში ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობის კომპაქტურად ცხოვრების ფონზე, შიდა კონფლიქტების ალბათობაც მატულობს.
„საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით სწორი პოზიცია უკავია, თუმცა საზღვრისპირა რეგიონების გაძლიერება საჭიროა.
ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი თავი შესთავაზოს, როგორც მედიატორი, მაგრამ გარკვეული სამხედრო სამზადისი უნდა მიდიოდეს, თუ არ გვინდა, რომ საქართველო იმ დერეფნად იქცეს, სადაც ყველას შეუძლია, გაიაროს და გამოიაროს ნებისმიერი მიმართულებით: სამხრეთიდან ჩრდილოეთით, ჩრდილოეთიდან სამხრეთით, დასავლეთიდან აღმოსავლეთით და პირიქით",- განაცხადა დავით თევზაძემ.