საქართველოში მიმდინარე დიასპორის ფორუმის ფარგლებში 2017 წლის 28 მაისს თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროს მონაკვეთისთვის ლევილის სახელის მინიჭების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას, ფორუმში მონაწილეობის მიღების მიზნით, საზღვარგარეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლები ესწრებოდნენ.
სანაპიროსთვის ლევილის სახელის მინიჭების ცერემონიაზე მისულ სტუმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ქ.თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ლევილის ვიცე მერმა დანიელ ესპრენმა, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნატაშა ეფიმოვამ და ლევილის მმართველი საბჭოს წევრმა ირენ ციციშვილმა მიმართეს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ლევილის მამულის სიმბოლურ დატვირთვას და აღნიშნა, რომ იგი წარმოადგენს, როგორც საქართველოს სახელწმიფოებრიობის, ასევე ქართული დიასპორის სიმბოლოს.
მისივე განცხადებით, პირველი რესპუბლიკის შთამომავლებმა აღასრულეს წინაპრების ნება და დღეს ლევილი როგორც ეროვნული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუბრუნა ქართულ სახელწმიფოს. მთავრობის გადაწყვეტილებით ლევილი იქცევა ქართული კულტურის და საქართველოს სიმბოლოდ არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელს ევროპაში.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ქ. თბილისის მერიას და საკრებულოს აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისთვის.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ლევილის სახელობის სანაპიროზე აღიმართება სიმბოლური მონუმენტი.