logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ბატონო თამაზ, მე თქვენი კვახჭირი მიყვარს! თქვენ ჩემი კოკი არ გყვარებიათ!
- +

ავტორი ჯაბა ხუბუა

28 მაისი. 2017. 15:33


 

ბატონო თამაზ, მე თქვენი კვახჭირი მიყვარს! თქვენ ჩემი კოკი არ გყვარებიათ!


ღია წერილი „ლიტერატურული საქართველოს" მთავარ რედაქტორს, ბატონ თამაზ წივწივაძეს.


ძვირფასო ბატონო თამაზ!


მე და თქვენ, სულ ცოტა, 10 -წლიანი კეთილი ურთიერთობა გვაკავშირებს ერთმანეთთან და ამ ხნის განმავლობაში, როგორც პრივატულ საუბრებში, ისე, გაზეთის ფურცლებიდანაც, არაერთხელ დამიდასტურებია თქვენთვის ჩემი ღრმა პატივისცემა. იცით, რომ თქვენი ერთგული მკითხველი ვარ და ყოველთვის სულმოუთქმელი ინტერესით ვეცნობი თქვენს პუბლიცისტიკას „ლიტერატურული საქართველოს" ფურცლებზე.


გამონაკლისი არც თქვენი გაზეთის უკანასკნელი ნომერი ყოფილა. („ლიტერატურული საქართველო", 2017 წლის 19 მაისი.)


წავიკითხე თქვენი ორივე პუბლიკაცია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ „ლიტერატურული საქართველოსათვის" ოფისის წართმევასა და თბილისის ამჟამინდელ მერს დავით ნარმანიას ეხება.


ბატონო თამაზ, პირდაპირ გეტყვით - ჩემს ცხოვრებაში პირველად ვინანე თქვენი ნაკალმარის წაკითხვა!


თქვენი წერილის წაკითხვის შემდეგ ცხოვრებაში პირველად ვთქვი - „ნეტავი, არ წამეკითხა!"


ნეტავი, სულ არ ამეღო ხელში თქვენი გაზეთის უკანასკნელი ნომერი, ბატონო თამაზ!


ნეტავი, ეს ერთი კვირა „ლიტერატურული საქართველოს" გადაუფურცლავად გამეცდინა და ხომ ავცდებოდი იმ გულისტკენასა და შეურაცხყოფას, რაც თქვენი წერილის წაკითხვის შემდეგ მივიღე!


ბატონო თამაზ, მე თქვენ ის ადგილი გამილანძღეთ, სადაც დავიბადე, გავიზარდე და სადაც ჩემი ბავშვობის ნათელი დღეები ჰგიებს!


მე თქვენ ის ადგილი შემიგინეთ, ბატონო თამაზ, სადაც ჩემი უძვირფასესი ადამიანები - ჩემი მშობლები - დღემდე პირუთვნელად ეზიდებიან ცხოვრების მძიმე ჭაპანს და რუდუნებით მინახავენ ჩემი ბავშვობის სიმსუბუქითა და სურნელით გაჯერებულ გარემოს, რომელიც ჩემთვის წმინდათაწმინდაა!


დიახ, ბატონო თამაზ, თქვენ მე ჩემი მშობლიური სოფელი - კოკი გამილანძღეთ!


თქვენ, დავით ნარმანიაზე გაბრაზებულმა, ეს დაწერეთ:


„გააჩერეთ! ეს შობელძაღლი!.. სანამ თბილისი თავისი მშობლიური სოფლისთვის, კოკისთვის დაუმსგავსებია!..."


ბატონო თამაზ, თუ თქვენ დავით ნარმანიასთვის შეურაცხყოფის მიყენება გინდოდათ, ამისათვის ისიც საკმარისი იყო, მას „შობელძაღლი" რომ უწოდეთ!


დათო ნარმანია, ეს შინაგანი წესიერებითა და პატიოსნებით გამორჩეული ახალგაზრდა კაცი, ასეთ შეურაცხყოფას რამდენად იმსახურებს, ეს კიდევ ცალკე საკითხია და ამას აქ არ შევეხები.


მე დათოს ადვოკატობას არ ვაპირებ და არც მგონია, მას ეს სჭირდებოდეს!


ამ წერილის მიზანი ნარმანიას დაცვა არ არის, ბატონო თამაზ, უბრალოდ, გეკითხებით: ამ კაცმა ისეთი რა დაგიშავათ, რომ მისთვის „შობელძაღლის" დაძახებაც არ იკმარეთ და მშობლიური სოფლის გათახსირებაც დაუპირეთ?!


ბატონო თამაზ, ნუთუ თქვენს ერთ დროს ძალმოსილ კალმს ოპონენტთა „გასანადგუირებლად" ახლა „აკრძალული ხერხების" გამოყენება სჭირდება და „წელს ქვევით" დარტყმებით ცდილობს ფონს გასვლას?!


ნარმანია გააჩერეთ, სანამ თბილისი კოკისთვის არ დაუმსგავსებიაო - წერთ თქვენ.


ე.ი. ნარმნია გააჩერეთ, სანამ თბილისი არ დაუმახინჯებია და „გაუბანძებიაო"!


ე.ი. კოკი თქვენთვის სიმახინჯისა და „ ბანძობის" ეტალონია, ბატონო თამაზ?!


კი მაგრამ, რატომ ბატონო თამაზ?!


როდის იყავით თქვენ კოკში და როდის შეგიწუხათ გული იქაურობის „სიმახინჯემ"?!


როდის იყავით თქვენ ჩემს სოფელში და ჩემმა თანასოფლელებმა რა ისეთი შავი გული გაჩვენეს, რომ ასეთი განაჩენი გამოუტანეთ?!


გული მტკივა, ბატონო თამაზ, ძალიან მტკივა გული, თქვენგან რომ მესმის ეს, თორემ, რომელიმე ტვინგადაღუნულ ნაციონალს რომ ეთქვა, არც გამიკვირდებოდა!


ამბობენ კიდეც ისინი ასეთ რამეებს, დავით ნარმანიას კოკელობას იქედნურად უსვამენ ხაზს და ამით, ვითომ, თბილისის მერის დაკნინებას ცდილობენ, მაგრამ იმაზე კი არ ფიქრობენ, სოფელს და იქ მაცხოვრებელ ადამიანებს რომ აყენებენ შეურაცყოფას!


დიახ, ნაცები აკეთებენ ამას და ამით, უპირველეს ყოვლისა, თავიანთ ქაჯობასა და პროვინციალიზმს უსვამენ ხაზს, მაგრამ თქვენ რაღა დაგემართათ, ბატონო თამაზ?!


თქვენც ხომ გვარამიას გაბუნია არა ხართ, დათო ნარმანიას მისი მშობლიური სოფლის გალანძღვითა და დაცინვით რომ ებრძვით?!


არა, ნამდვილად არ ხართ თქვენ გვარამიას გაბუნია და ამიტომაც მიკვირს თქვენგან, ბატონო თამაზ!


ბატონო თამაზ, თქვენ, თერჯოლის რაიონის სოფელ კვახჭირში დაბადებულმა და გაზრდილმა კაცმა, ისიც კარგად იცით, რომ ადამიანის წარმომავლობაზე აპელირება და „სოფლელობაზე" ხაზგასმა შეგნებულ და ცივილიზებულ საზოგადოებაში ცუდ ტონად ითვლება!


ღირსეული ადამიანები, ასეთ რამეს, როგორც წესი, არ კადრულობენ!


ღირსეული ადამიანები არც იმას კისრულობენ, რომ ერთი კაცის ბოღმით მთელი მისი სოფელი, ქალაქი ან ქვეყანა რომ გალანძღონ!


მე თქვენ სწორედ ღირსეულ კალმისკაცად გიცნობთ და სწორედ ამიტომ მიკვირს თქვენგან, ბატონო თამაზ!


სწორედ ამიტომ მწყინს და მტკივა თქვენგან, თორემ, ვიღაც მართლა შობელძაღლისგან არც გამიკვირდებოდა არც მეწყნიებოდა!


აბა, დაფიქრდით, ბატონო თამაზ, თქვენმა რომელიმე ოპონენტმა თუ მტერმა თქვენს გამო თქვენი მშობლიური სოფელი კვახჭირი რომ გალანძღოს, როგორ მოგეწონებათ?


თქვენით უკმაყოფილო რომელიმე ადამიანმა თქვენს კვახჭირელობას, ანუ სოფლელობას რომ გაუსვას ხაზი, რა ჭკუაზე დადგებით?!


ზუსტად ვიცი, რომ უმძაფრესი რეაქცია გექნებათ, რადგან ისიც ზუსტად ვიცი, რომ თქვენი მშობლიური სოფელი ძალიან გიყვართ და ეთაყვანებით!


აბა, წარმოიდგინეთ ბატონო თამაზ, დავით ნარმანია კოკიდან კი არა, კვახჭირიდან რომ იყოს და ვინმემ დაწეროს: „გააჩერეთ! ეს შობელძაღლი!.. სანამ თბილისი თავისი მშობლიური სოფლისთვის, კვახჭირისთვის არ დაუმსგავსებია!.."


„შენ, ეი, ხელსუფლებავ! შეიძლება სოფლელი კაცი თბილისის მერად დანიშნო?!", - წერთ თქვენ!


დაიხ, ამას წერთ თქვენ, სოფელ კვახჭირში დაბადებული კაცი!


ალბათ, იტყვით - მერე რა, კვახჭირელი რომ ვარ, თბილისის მერი ხომ არა ვარო?!


ბატონო თამაზ, თქვენ თბილისის მერზე გაცილებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა გეკავათ - საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ბრძანდებოდით!


მწერლობას კი ერის ცხოვრებაში მუნიციპალიტეტის მმართველ ორგანოზე გაცილებით დიდი როლი რომ აკისრია, ეს თქვენზე უკეთ ვინ იცის?!


ქართველ მწერალთა წინამძღოლობა რომ მერიის თანამშრომელთა წინამძღოლობაზე საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეა, ამას რა ლაპარაკი უნდა?!


ჰოდა, წარმოიდგინეთ, ბატონო თამაზ, ვინმეს რომ ეთქვა, ამ კვახჭირელ კაცს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ რა უნდაო?!


თქვენი ძმაკაცი შევარდნაძისათვის რომ ვინმეს მიეწერა: „შენ, ეი, ხელსუფლებავ! შეიძლება სოფლელი კაცი საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ დანიშნო?!"


ანდა, ბატონო თამაზ, თქვენი ძმაკაცი შევარდნაძისთვის რომ დაეწერა ვინმეს: „ გააჩერეთ! ეს შობელძაღლი!.. სანამ თბილისი თავისი მშობლიური სოფლისთვის, მამათისთვის დაუმსგავსებია!.."


არადა, შევარდნაძემ, თავისი ხუნტა - მხედრიონით, თბილისი რომელიმე სოფელს დაამსგავსა კი არა, მთლად მოასოდომგომორა!


ბატონო თამაზ, მე თქვენი კვახჭირი მიყვარს!


თქვენ ჩემი კოკი არ გყვარებიათ!


მე საქართველო მიყვარს, თავის კვახჭირიან - კოკიანად!


თქვენ საქართველო კოკის გარეშე გიყვართ, როგორც ჩანს!


რას ვიზამ, რაც არ გიყვართ, იმას ძალით ვერ შეგაყვარებთ, მაგრამ ერთი თხოვნა მექნება თქვენთან - ამიერიდან, დავით ნარმანიას გალანძღვასა და შეურაცხყოფას თუ გადაწყვეტთ, ზედ ჩემს მშობლიურ და საყვარელ სოფელს ნუ მიაყოლებთ!


ბატონო თამაზ, სანამ ჩემი საყვარელი კოკის გალანძღვას დააპირებთ, თქვენი საყვარელი კვახჭირი გაიხესენეთ და ეგზიუპერის სიტყვები - ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ!


კოკი ჩემი ბავშვობაა!


ნუ შემიბღალავთ ბავშვობას!


პატივისცემითა და ქრისტესმიერი სიყვარულით


ჯაბა ხუბუა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner