logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ბატონებო, სურვილი ხომ არ გაქვთ, მზის სინათლეზე გამოგიყვანოთ და გამხილოთ?
- +

28 მაისი. 2017. 17:10

 

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„იმ პერსონათა საყურადღებოდ ვწერ, რომლებმაც ჩვენი ფრაქციის წევრის გელა (ზაზა) მიქაძის წინააღმდეგ მიზანმიმართული შავი პიარის აგორება სცადეს და სოციალურ ქსელში დაფინანსებული, სარეკლამო გვერდი შექმნეს. ბატონებო, სურვილი ხომ არ გაქვთ, მზის სინათლეზე გამოგიყვანოთ და გამხილოთ? ასეთი დაფინანსებული გვერდების შექმნა ყოველთვის ტოვებს კვალს. აკურატულად ვერ მუშაობთ. იშიფრებით.

 

ზაზა მიქაძე ჩემი მრავალი წლის მეგობარია. ის ჯერ კიდევ მაშინ იდგა წინააღმდეგობის მოძრაობისა და „ობიექტივის" გვერდით, როცა კლავიატურის ზოგიერთი „ლომი" სახლშიც ვერ ბედავდა ხმის ამოღებას. ზაზამ სერიოზული ბიზნესპროექტები განახორციელა საქართველოში. მათ შორის, საქველმოქმედო პროექტები. ის უმაღლესი კლასის ეკონომისტია. ფლობს რამდენიმე უცხო ენას. წარმოადგენს ჩვენს საპარლამენტო დელეგაციას სტრასბურგში. ისე დაგეწვათ ზოგიერთებს გული, ვითომ დაჩაგრულ არაბ შეიხზე, თითქოს არაბული სასამართლოს გადაწყვეტილებები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან იყოს ასოცირებული. კრიმინალური ისტორიებით დახუნძლულმა... ერთი პატარა საემიროს ერთმა ემირმა, წლების შემდეგ ისე გამოიტანა განაჩენი, რომ მოსამართლეც თვითონ იყო, პროკურორიც და ადვოკატიც. თან, მოპასუხე მხარეს საქმის შესახებ ინფორმაციაც არ მიაწოდა. მთავარი- საქართველოსთან დაკავშირებულ საქმეზე საქართველოში კი არ იჩივლა, არამედ იჩივლა თავის საემიროში, სადაც, ვიმეორებ, სასამართლოს თავმჯდომარე თავადაა. ასეთი „საქმეები", რასაც პოლიტიკური შანტაჟის სუნი აქვს, აქტუალური არ გახდებოდა, ზაზა მიქაძე პარლამენტის წევრი რომ არ ყოფილიყო. გიფიქრიათ იმაზე, რომ არაბმა შეიხმა მიქაძის დაშანტაჟება, შესაძლოა მას შემდეგ სცადა, რაც ზაზა ჩვენი პარტიის საპარლამენტო ჯგუფის წევრი, ანუ დეპუტატი გახდა. თორემ იგივე პათოსით გაცილებით ადრე იჩივლებდა. თანაც, ქართულ სასამართლოში. ვფიქრობ, არაბ შეიხს საქართველოში გავლენიანი მფარველები ჰყავს და მე ვიზრუნებ ამ მფარველების გამოსააშკარავებლად, რომლებიც ცდილობენ ჩვენი გუნდის დისკრედიტაციას და ფულს ხარჯავენ ცილისმწამებლური გვერდების შექმნაზე.

 

P. S. ძალზედ ღირსეული პოზიცია დაიკავა ზაზა მიქაძესთან მიმართებაში თითქმის ყველა დეპუტატმა, რაც დასაფასებელია. და მე გულწრფელად ვაფასებ ამას. ქართველი დეპუტატის რეპუტაციის შელახვა არაბი ან რომელიმე სხვა ქვეყნის ბიზნესმენის პრეროგატივა არ არის. ქართველ დეპუტატს ქართული სახელმწიფო უნდა იცავდეს", - წერს ირმა ინაშვილი.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner